40 მილიონი და ბონუსები - ინტერმა ჰაკიმის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
Aa
Aa

40 მილიონი და ბონუსები - ინტერმა ჰაკიმის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

მილანის "ინტერის" ოფიციალური საიტის მიხედვით, კლუბმა მადრიდის "რეალიდან" მაროკოელი აშრაფ ჰაკიმი შეიძინა და მასთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ნერაძურის" ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მათ "სამეფო კლუბისგან" 21 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი სრულად გამოისყიდეს და თავად მასთან შრომითი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს.

მაროკოელ ფლანგელს "რეალი" "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა: "ჩვენი კლუბი აშრაფს მადლობას მრავალწლიანი ერთგულებისთვის უხდის. იგი ჩვენს აკადემიაში 2006 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ საფეხბურთო გზას "რეალთან" ერთად გადიოდა. კარიერის ახალ ეტაპზე ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ".

ესპანური და იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ლომბარდიელებს ჰაკიმის ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც 5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც დაემატება.

ჰაკიმი მადრიდული გრანდის ძირითად გუნდში 2016 წლიდან თამაშობდა, 2018 წლიდან კი განათხოვრების წესით დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა. მას მაროკოს ნაკრების მაისური უკვე 28 შეხვედრაში აქვს მორგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები