რა ხდება ბარსელონაში - არეულობა ედერ სარაბიამ გამოიწვია?
Aa
Aa

რა ხდება ბარსელონაში - არეულობა ედერ სარაბიამ გამოიწვია?

Marca-ს ინფორმაციით, „სელტასთან“ გამართულმა შეხვედრამ, რომელიც ფრედ, 2-2 დასრულდა „ბარსელონას“ გასახდელში შექმნილ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია და გუნდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

ვიგოში გამართული მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის დაპირისპირება მოხდა. მოთამაშეებმა კიკე სეტიენს ტაქტიკური მონახაზი და გადაწყვეტილებები დაუწუნეს და უკმაყოფილება „სელტასთან“ შეხვედრაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც გამოხატეს.

Marca-ს ცნობით, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და დაპირისპირება „ბარსას“ საწვრთნელ ბაზაზე გაგრძელდა. კვირას, გასახდელში კიდევ ერთი დაძაბული და ხმაურიანი შეხვედრა გაიმართა. ესპანური გამოცემის მიხედვით, კლუბში არსებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი რამდენიმეა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ედერ სარაბიას დამოკიდებულება გახლავთ.

ბარსელონური რადიოს ინფორმაციით, ლუის სუარესსა და ლიონელ მესის კიკე სეტიენის ასისტენტის, ედერ სარაბიას მეთოდები არ მოსწონთ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდებიან. ბუნებრივია, მათ თანაგუნდელებიც მხარს უჭერენ, რაც სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს შორის არსებული უფსკრულის გაღრმავებას ხელს უწყობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სარაბიასა და ფეხბურთელებს შორის დიდი ხანია დაძაბული ვითარებაა. პრობლემები კლასიკოს შემდეგ გაჩნდა, როცა სარაბიამ „რეალთან“ ნაჩვენები თამაშის გამო „ბლაუგრანას“ მოთამაშეები გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები