გამორჩეული კიტეიშვილი: გოლი რაპიდთან და ტრანსფერის მოლოდინი
Aa
Aa

გამორჩეული კიტეიშვილი: გოლი რაპიდთან და ტრანსფერის მოლოდინი

თურქული გრანდის, ''ფენერბახჩეს'' მთავარმა სამიზნემ, 24 წლის ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში გოლი ვენის ''რაპიდს'' გაუტანა.

მთავარი მწვრთნელის, ნესტორ ელ მაესტროს ''შტურმიდან'' წასვლის შემდეგ გრაცულმა კლუბმა პირველი მატჩი ჩაატარა და საკუთარ კედლებში ვენის ''რაპიდთან'' 2:3 დამარცხდა. პირველი ტაიმი კიტეიშვილის გუნდმა 2:0 მოიგო. შტეფან ჰირლენდერმა ანგარიში გახსნა, ქართველმა შემტევმა კი თავური დარტმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

შესვენების შემდეგ მინდორზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ''რაპიდმა'' 3 გოლი გაიტანა და ე.წ. ''ქამბექი'' შემოგვთავაზა.

Sofascore-ის ვერსიით კიტეიშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თბილისის ''დინამოს'' ექს-კაპიტანს 7,4 დაუწერეს. უდიდესი ალბათობით მიმდინარე ზაფხულში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბს დატოვებს. შესაძლოა, მისი შემდეგი კლუბი თურქული ''ფენერბახჩე'' აღმოჩნდეს. მხარეებს შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. საკითხი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

მიმდინარე სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგაში კიტეიშვილმა 29 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. 29 შეხვედრიდან ერთ მატჩში ქართველი გუნდის კაპიტანი იყო, რადგან გუნდის პირველმა კაპიტანმა მატჩი გამოტოვა.

20 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის საუკეთესო ექვსეულში ''შტურმი'' 19 ქულით მე-6 ადგილზეა და მეხუთეადგილოსანს 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები