Aa
Aa

"ბოლო 5 წამი ერთობლივად დავთვალეთ" - როგორ ეხმაურებიან ლივერპულის ჩემპიონობას?..

„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონი ისტორიაში მე-19-ედ გახდა, კონკრეტულად პრემიერ ლიგის ეპოქაში კი ტიტული პირველად მოიპოვა. მერსისაიდელთა გაჩემპიონების შემდეგ ჩვეულად ემოციური იყო მათი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც „წითლების“ ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

„რასაც ახლა ვგრძნობ ემოციების ნაზავია, ბედნიერი ვარ, ვამაყობ და ვიცი, რომ ჩემი ბიჭებით ამაზე ამაყი უბრალოდ ვერ ვიქნები. ჩვენ თამაშს ერთად ვუყურეთ და ბოლო 5 წამი ერთობლივად ავითვალეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მატჩის დამთავრებამდე კიდევ 2-3 პასი რჩებოდა. ეს ნამდვილად ბრწყინვალე მომენტი იყო.

ვერ ვიოცნებებდი იმაზე, რასაც ახლა ვუყურებ, არც ის გამიკეთებია არასდროს, რასაც ჩემმა ბიჭებმა გასულ სეზონში მიაღწიეს. 3 წლის წინ ასეთ წარმატებასთან ახლოსაც არ ვყოფილვართ, წინა სეზონში ნამდვილად ახლოს ვიყავით. მოკლედ, ბოლო 2.5 წელიწადში ჩემმა ბიჭებმა აბსტოლუტურად წარმოუდგენელი რაღაცები შეძლეს.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ასეთ მომენტებში რა უნდა გავაკეთო. ეს შესანიშნავი მომენტია, სხვას ვერაფერს გეტყვით“.

ინგლისის უმაღლესი ლიგის 131-წლიან ისტორიაში იურგენ კლოპი პირველი გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონობა იზეიმა.

კონკურენტ კლუბს წარმატება მიულოცა პეპ გუარდიოლამ, რომელმაც სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა: „ჩვენ ბოლო წლებში ქვეყნის მასშტაბით ბევრი ტიტული მოვიგეთ, თუმცა, მგონი, თასების მოგებისას ისეთი ვნება არ გვქონია, როგორიც „ლივერპულს“ აქვს. მათ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვეს, რამაც თავდაჯერება შესძინათ, ამ სეზონში კი ყველა შეხვედრა ისე ითამაშეს, თითქოს ეს გადამწყვეტი მატჩი ყოფილიყო, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ვულოცავ „ლივერპულს“ ამ შესანიშნავად ჩატარებულ სეზონს“.

ფაქტს „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა „ლივერის“ სიმბოლო სტივენ ჯერარდი: „სრულიად „ლივერპულს“ პრემიერ ლიგის მოგებას ვულოცავ! გასაოცარი მიღწევა ფანტასტიკური გუნდისგან, რომელსაც ტოპ კლასის ფეხბურთელები შეადგენენ. განსაკუთრებულად გამოვყოფ სამწვრთნელო შტაბს, რომელსაც მსოფლიო კლასის მენეჯერი ხელმძღვანელობს. და, რა თქმა უნდა, ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი: ფანები, რომლებიც ამას 30 წლის განმავლობაში ელოდნენ. ზეიმი იწყება“!

ყოფილი გუნდის ტრიუმფით ბედნიერია ლივერპულელთა კიდევ ერთი ლეგენდა, ჯიმი კარაგერი, რომელმაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „ლივერპულის“ ფორმაში გამოწყობილი გარი ნევილის ფოტო გაავრცელა.

მერსისაიდელებს წარმატება „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთმა ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა მიულოცა და ამ ჩემპიონობას სრულიად დამსახურებული უწოდა. საყვარელი საფეხბურთო გუნდის ბედნიერება გაიზიარეს ლებრონ ჯეიმსმა და ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ. მათ „ლივერს“ გამარჯვება „ტვიტერზე“ მიულოცეს.

„ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონობა 1990 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა. კლოპის გუნდმა ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გაინაღდა, რაც ქვეყნის მასშტაბით ახალი რეკორდია. აქამდე საუკეთესო შედეგი „იუნაიტედს“, „სიტისა“ და „ევერტონს“ ეკუთვნოდათ, რომლებმაც საჩემპიონო რბოლა 5-5 ტურით ადრე მოიგეს.

როგორც აღვნიშნეთ, „ლივერმა“ ინგლისის ჩემპიონატი ისტორიაში მე-19-ედ მოიგეს და რეკორდსმენ „მანჩესტერ იუნაიტედს“ კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. „წითელმა ეშმაკებმა“, რომლებსაც ინგლისის პირველობა 2013 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ, ქვეყნის ჩემპიონობა 20-ჯერ იზეიმეს.

პრემიერ ლიგის თასი ლივერპულში მიდის! ტრიუმფალური ჩემპიონობა და მილოცვა მის გულშემატკივრებს! „სქაუზერებო“, თქვენ ეს დაიმსახურეთ!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები