კარვალიუ ლესტერს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა: პორტუგალიელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
Aa
Aa

კარვალიუ ლესტერს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა: პორტუგალიელი პრემიერ ლიგას უახლოვდება

სევილიური ''ბეტისის'' პორტუგალიელი ნახევარმცველი ვილიამ კარვალიუ პირად კონტრაქტზე ''ლესტერს'' შეუთანხმდა. Marca-ს ცნობით ამჟამად კლუბებს შორის მოლაპარაკება სატრანსფერო თანხის თაობაზე მიმდინარეობს.

''მელიებისთვის'' ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ვილიამ კარვალიუ ერთ-ერთი სამიზნეა და ინგლისური კლუბი მზადაა მოთამაშე გამოისყიდოს. ''ლესტერის'' ხელმძღვანელები ფეხბურთელის იჯარით დამატებას არ განიხილავენ.

ბრენდან როჯერსს საყრდენი ნახევარმცველის დამატება სურს და მისი ხედვით გუნდს კარვალიუ დიდად დაეხმარება. ნდიდი, ჩოდრი და მენდი პორტუგალიელთან ერთად ნახევარდაცვის ძლიერ ოთხეულს შექმნიან.

2018 წელს ვილიამ კარვალიუ ლისაბონის ''სპორტინგიდან'' სევილიურ კლუბში გადავიდა. კონტრაქტის მიხედვით თუ ''ბეტისი'' კარვალიუს გაყიდის, სატრანსფერო თანხის გარკვეულ პროცენტს ''სპორტინგი'' მიიღებს.

28 წლის კარვალიუმ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 59 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო. ლა ლიგის სადებიუტო სეზონში კარვალიუმ 30 მატჩი ჩაატარა, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები