არველაძე: ''ჯორჯიან მენთალითის'' გამო ბევრი ქართველი დაიკარგა''
Aa
Aa

არველაძე: ''ჯორჯიან მენთალითის'' გამო ბევრი ქართველი დაიკარგა''

''ტრაბზონის,'' ''ბრედასა'' და ''კიოლნის'' ექს-ფორვარდმა არჩილ არველაძემ გადაცემა ''თვითიზოლაციაში'' ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაში შეეძლოთ, თუმცა ევროპული ცხოვრების წესს ალღო ვერ აუღეს, რაც მათ პროდუქტიულობაზე აისახა. ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მწვრთნელი კონკრეტულად მოთამაშეებს არ ასახელებს, თუმცა მისი კომენტარი ამ თემაზე საინტერესოა.

''1993 წელს კარიერა თურქეთში გავაგრძელე, ''ტრაბზონი'' ჩემი პირველი უცხოური კლუბი იყო. თურქეთში ფიზიკურ მომზადებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, როგორც გერმანიაშია.

1997 წელს თურქეთიდან ჰოლანდიაში წავედი. თამაშამდე სააათნახევრით ადრე მიდიხარ სტადიონზე შენი მანქანით. არავინ გკითხავს რატომ მოდიხარ, რატომ მიდიხარ, გუშინ გეძინა თუ არა. არ გინდა ძილი? მაშინ შენი კონკურენტი ითამაშებს და ის შენზე მეტ ფულს გამოიმუშავებს.

ევროპული მენტალიტეტის გათვალისწინებით ჩვენ გვეძახდნენ ''ჯორჯიან მენთალითი.'' ძალიან ბევრ ქართველ ფეხბურთელს ევროპაში მაღალ დონეზე თამაში შეეძლო, თუმცა ევროპულ ცხოვრების წესს ვერ შეეწყვნენ, ალღო ვერ აუღეს. სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისით მათ მაღალ დონეზე თამაშისთვის საჭირო უნარები ჰქონდათ ფიზიკური თუ ტექნიკური კუთხით, მაგრამ ევროპულ გარემოსთან ვერ ადაპტირდნენ.

ყურს არ უწევს არავინ, არ ურეკავენ და არ ეკითხებიან: ''სად ხარ? რატომ არ გძინავს?'' ევროპაში სხვაგვარადაა: არ გინდა თამაში? ითამაშებს შენზე უკეთესი. რეჟიმის დარღვევის გამო არავინ დაგაჯარიმებს, მაგრამ თუ რეჟიმს არ დაიცავ და ევროპულ ცხოვრებას ალღოს ვერ აუღებ, შესაძლებლობებს ვერ გამოავლენ.''

არჩილ არველაძემ მწვრთნელის პოზიციიდანაც ისაუბრა: ''ვფიქრობ ვინც იცის, რომ კარგი ''სამოსანია'' და მეტის პრეტენზია არ აქვს, მასზე კარგ პროფესიონალს დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით. არასდროს ექნება იმის პრეტენზია, რაც მის შესაძლებლობებს სცდება. ასეთი მოთამაშე გუნდისთვის ძალიან საჭიროა, მაგრამ ისეთი ფეხბურთელებიც არიან, რომლებსაც დიდი ამბიცია აქვთ ათამაშებ, ''ურევს.'' მე ვერ გეტყვი, რომ ასეთი ვიყავი, მაგრამ ამბიცია ყოველთვის მქონდა, ყოველთვის მინდოდა საუკეთესო ვყოფილიყავი.

ხომ გინახავთ მსახიობი, რომელიც კონკრეტულ როლზე არ დაამტკიცეს. უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ როლს უკეთ შეასრულებდა. ადამიანური მომენტია და ფეხბურთშიც ასე ხდება ხოლმე.

ყველაზე რთული ისაა, რომ მწვრთნელს 24 ფეხბურთელი ჰყავს, თითოეული განსხვავებული პიროვნებაა და შესაძლოა ბევრი სხვადასხვა ეროვნებისაა. ფეხბურთელებიც პატარა ბავშვებივით არიან. ზოგჯერ არ გინდა სიმართლე უთხრა, რადგან ეწყინება. რთული პროცესია და ყველა სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები