Aa
Aa

იაშინი: "ყიფიანი შეუდარებელი, ინტელიგენტი ფეხბურთელია" | დღეს ჩვენი "ათიანი" 69 წლის გახდებოდა

18 ივნისი დავით ყიფიანის დაბადების დღეა. ლეგენდარული ქართველის დაბადებიდან დღეს 69 წელი შესრულდა.

1982 წლის მარტში ცნობილი ჟურნალი World Soccer-ი წერდა: „ყიფიანი რომ რომელიმე დასავლურ გუნდში თამაშობდეს, ნამდვილი სუპერვარსკვლავი იქნებოდა“. იმავე სტატიაში ჟურნალმა იმდროინდელი მსოფლიოს 3 საუეკთესო ფეხბურთელი დაასახელა, ჩამონათვალი ამ თანმიმდევრობით იყო: მარადონა, ყიფიანი და პლატინი. თუმცა, რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ქართველი „ათიანი“ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

საინტერესოა ლეგენდარული რუსი მეკარის, ლევ იაშინის დამოკიდებულება ყიფიანის საფეხბურთო ტალანტის მიმართ: „დავით ყიფიანი საბჭოთა ფეხბურთში ყველაზე ცნობილი ფიგურაა, იგი უბრალოდ შეუდარებელია. ინტელიგენტი ფეხბურთელია და მოედნის ბრწყინვალე ხედვა აქვს. აქვს უნარი, რომ მინდორზე ნებისმიერი პრობლემა გადაჭრას“.

ცნობილმა ქართველმა მსახიობმა, კახი კავსაძემ ყიფიანის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „არსებობს ადამიანი ან მანქანა, რომელიც გაზომავს სიამოვნებისა და სიხარულის იმ მასშტაბს, რაც დავით ყიფიანმა ქართველ ხალხს მიანიჭა? არ მგონია, არსებობდეს! დავითი იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც თავისი არსებობით გარშემომყოფთათვის იშვიათ საჩუქრად იქცევა“.

დავით ყიფიანმა ფეხბურთის თამაში თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, 1971-82 წლებში კი თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა და მასთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და უეფა-ს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.

ყიფიანმა სამწვრთნელო კარიერა სწორედ „დინამოში“ დაიწყო და გუნდს წლების განმავლობაში ავარჯიშებდა, 1997 და 2000-2001 წლებში კი საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები