გადაწყდა - ერთა ლიგის ნახევარფინალისა და ფინალის თარიღი დადგინდა
Aa
Aa

გადაწყდა - ერთა ლიგის ნახევარფინალისა და ფინალის თარიღი დადგინდა

როგორც დაგეგმილი იყო, უეფა 17 ივნისს შეიკრიბა და 2019-2020 წლების სეზონის ბედი გაარკვია. ასევე დადგინდა ერთა ლიგის ნახევარფინალებისა და ფინალების გამართვის თარიღებიც.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთა ლიგა გახლავთ, რომლის ნახევარფინალშიც ვიმყოფებით და როგორც გაირკვა ბელარუსს 8 ოქტომბერს ვუმასპინძლებთ.

გამარჯვების შემთხვევაში ფინალი 4 დღის შემდეგ აღარ შედგება. როგორც უეფამ გადაწყვიტა გადამწყვეტი მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება.

ამ მომენტისთვის მატჩზე დასწრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, სტადიონზე მაყურებელთა შესვლა კონკრეტულ ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება.

რაც შეეხება საკლუბო სეზონს, ჩემპიონთა ლიგაზე 8 აგვისტოს, მერვედფინალის დარჩენილი მატჩები შედგება - ბარსელონა - ნაპოლი, მანჩესტერ სიტი - რეალი, ბაიერნი - ჩელსი და იუვენტუსი - ლიონი, ოთხივე მასპინძელი შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

ყველა მეოთხედფინალისტის გამოვლენის შემდეგ, ლისაბონში დაიწყება ეგრეთწოდებული „რვათა ტურნირი“. მატჩებს ბენფიკასა და სპორტინგის არენები უმასპინძლებენ. შეხვედრები 12-15 აგვისტოს გაიმართება.

ნახევარფინალები კი 18-19 აგვისტოს შედგება, რის შემდეგაც 23 აგვისტოს ფინალი გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები