შენგელიამ რუსეთი უარყო: ''მხოლოდ ბასკონიაზე და ამ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ''
Aa
Aa

შენგელიამ რუსეთი უარყო: ''მხოლოდ ბასკონიაზე და ამ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ''

ევროპული მედიის ცნობით თორნიკე შენგელია ''ბასკონიას'' დატოვებს და კარიერას მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს. ესპანეთის ACB ლიგის ფინალური სტადიის პირველ მატჩში შენგელიას გუნდი ''ბილბაოს'' დაუპირისპირდება. ბასკურ გუნდთან მატჩამდე თორნიკე შენგელიამ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და 100 პროცენტით ''ბასკონიას'' წარმატებაზეა კონცენტრირებული.

Marca შენგელიას კომენტარს ავრცელებს: ''ახალი რა გითხრათ, ჩემი ფიქრები მხოლოდ ''ბასკონიას'' უკავშირდება, მხოლოდ ამ კლუბის წარმატებაზე ვარ კონცენტრირებული. მინდა კლუბს გამარჯვებების მიღწევაში დავეხმარო. 100 პროცენტით ''ბასკონიაზე'' ვფიქრობ. კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს.''

შენგელიამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებულ გარემოსთან ადაპტირება უნდა მოახდინონ.

შენგელიას აზრით საჩემპიონო ჯგუფიდან თითოეულს ტიტულის მოპოვების შანსი აქვს. ექვსეულში ''ბასკონიას'' გარდა ''ბარსელონა,'' ''ბილბაო,'' ''ბადალონა,'' ''უნიკახა'' და ''ტენერიფე'' იასპარეზებენ.

''ბასკონია'' პირველ მატჩს ''ბილბაოსთან'' 17 ივნისს გამართავს.

შეგახსენებთ, ბერძნული მედიის ცნობით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი გახდება. ქართველმა სპორტსმენმა რუსულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა შენგელიამ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

ინფორმაციას ბერძნულმა მედიამ შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "ზაფხულის ბომბი აფეთქდა, შენგელია ცსკა-ში ითამაშებს.''

28 წლის შენგელია 2012-14 წლებში NBA-ში გამოდიოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ''ბრუკლინისა'' და ''ჩიკაგოს'' მოთამაშე იყო. 2014 წლიდან შენგელია ბასკური კლუბის ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, მოსკოვურ კლუბში მანუჩარ მარკოიშვილი 2014-15 წლებში ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები