დალასს ლეგენდა უბრუნდება - ნოვიცკის ახალი ფუნქცია
ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი უახლოეს მომავალში შესაძლოა „დალასს“ დაუბრუნდეს. ბუნებრივია, 47 წლის ვეტერანი მოთამაშე კარიერის განახლებას არ აპირებს და ის გეგმავს „მავერიქსს“ ფუნქციონერის ამპლუაში დაეხმაროს, თუმცა რაღა თქმა უნდა, ამ კლუბის გულშემატკივართათვის, რომლებისთვისაც ნოვიცკი დღემდე ნამდვილ კერპად ითვლება, ესეც არაჩვეულებრივი ამბავია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ESPN-ის ჟურნალისტმა ტიმ მაკმენიმ გაავრცელა, რომელმაც ასეთი რამ დაწერა:
„მავერიქსის“ ერთ-ერთი მფლობელი პატრიკ დიუმონი ურთიერთობის გამოსწორების მიზნით დირკ ნოვიცკის უკვე დაუკავშირდა. როგორც გავიგე, გერმანელი მზადაა წინადადებების მოსასმენად და ყოფილ კლუბთან თანამშრომლობის დასაწყებად. ბუნებრივია, დირკი არ იქნება კმაყოფილი ისეთი ადამიანის როლით, რომელიც უბრალოდ იღიმის და გულშემატკივრებს ხელს ართმევს. ის არც საკალათბურთო ოპერაციების დირექტორი გახდება, მაგრამ კლუბის ოფისში სხვადასხვა ფუნქციებს შეითავსებს და მოხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ლეგენდის აზრი ყველა საკითხში გათვალისწინებული იყოს“.
ცნობისათვის, დირკ ნოვიცკი „დალასში“ 1998-2019 წლებში ასპარეზობდა, ხოლო 2011 წელს კლუბი NBA-ს ჩემპიონი გახადა, თავად კი ფინალური სერიის MVP-ის პრიზი მოიგო. გერმანელის ანგარიშზე კარიერის განმავლობაში 31 560 ქულა, 11 489 მოხსნა და 3 651 ასისტია.