მერებაშვილი: ''ომმა ჩემი სამშობლო გაანადგურა... ბავშვობაში ბრძოლა ვისწავლე''
Aa
Aa

მერებაშვილი: ''ომმა ჩემი სამშობლო გაანადგურა... ბავშვობაში ბრძოლა ვისწავლე''

გიორგი მერებაშვილი პოლონურ მედიას რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა. პლოცკის ''ვისლას'' შემტევმა ბავშვობა გაიხსენა, როცა ომის შემდეგ ბავშვები ფეხბურთს ქუჩაში თამაშობდნენ, მისი იდეალი კი გიორგი ქინქლაძე იყო. მერებაშვილი sportowefakty-ს ესაუბრა.

''ამერიკას ვერ აღმოვაჩენ, ლეიონელ მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ის იდეალური მოთამაშეა. ალბათ ბევრი ფეხბურთელი მასზე ბევრს ვარჯიშობს, თუმცა მესი უდიდესი ტალანტია, რომელსაც საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. მას ბურთით ყველაფერი გამოსდის.

ბავშვობაში ჩემი იდეალი გიორგი ქინქლაძე იყო, რომელიც ''მანჩესტერ სიტისა'' და ამსტერდამის ''აიაქსში'' თამაშობდა. ის მესის სტილში თამაშობდა, ცაცია იყო და შესანიშნავი დრიბლინგით გამოირჩეოდა. მის მიერ ''საუთჰემპტონთან'' გატანილი გოლი მესის 2007 წელს ''ხეტაფესთან'' შეგდებულ გოლს ჰგავს. ორივე გოლისას შესანიშნავი დრიბლინგი განვითარდა. ქინქლაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

1991 წლის ომმა საქართველო გაანადგურა. ეს არ იყო საუკეთესო დრო ჩემი ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. საფეხბურთო მოედნები თუ სპორტული ცენტრები არ არსებობდა. ჩვენ ქუჩაში ვთამაშობდით, მაგრამ ეს არავის გვაწუხებდა, ბავშვები ვიყავით, ბურთი და ვარჯიში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. იმ პერიოდიდან ბევრი ფეხბურთელი გახდა, ახლა საქართველოს ჩემპიონატსა თუ ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ.

ბავშვობიდან ვისწავლე, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ადვილად არაფერი მოდის. თუ რამის მიღწევა გსურს, უნდა იბრძოლო. მამამ მასწავლა, რომ არასდროს დავნებებულიყავი და ბრძოლა გამეგრძელებინა. მამა მოჭიდავე იყო და კარგად ესმოდა კვებას, ვარჯიშსა და ძილს რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მას სურდა მის გზას გავყოლოდი, თუმცა ჩემი მიზანი მხოლოდ ფეხბურთელობა იყო.''

შეგახსენებთ, 1991-93 წლებში თბილისის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და ცხადია ქვეყნის რეგრესი და მძიმე ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვა. ამავდროულად 1992-93 წლებით აფხაზეთის ომი თაღიდება, ხოლო ცხინვალში საომარი მოქმედებები 1991-92 წლებში ხორციელდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები