Aa
Aa

"დიპლომი ესპანეთში უნდა ავიღო" - პირესს მწვრთნელობა უნდა

ლეგენდარული რობერ პირესი მწვრთნელობის სურვილს გამოთქვამს და ამ კუთხით განათლების მიღებასაც გეგმავს. მან ამის შესახებ გუშინდელ ინტერვიუში ისაუბრა.

„ფეხბურთში დარჩენა მსურს და იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიური და რთული სამსახურია, მწვრთნელობა მომწონს. მოვიდა ის დრო, როცა სამწვრთნელო დიპლომის აღებაზე ვფიქრობ და ამას ესპანეთში გავაკეთებ.

ნამდვილად არ შემიძლია, ვთქვა, რომელ გუნდს გავწვრთნი, რადგან მწვრთნელმა არასდროს იცის, რა მომენტში სად შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, საბრი ლამუში ავიღოთ, რომელიც ჩემპიონშიფის კლუბ „ნოტინგემში“ მუშაობს და იქ ძალიან ბედნიერია.

მეც ვიტყოდი, რომ „არსენალის“, „მეცის“, „მარსელის“ ან „ვილიარეალის“ გაწვრთნას ვაპირებ, მაგრამ დღესდღეობით ამის თქმა არ შემიძლია“.

46 წლის პირესი ჩამოთვლილ ყველა კლუბში თამაშობდა, მათ გარდა კი „ასტონ ვილასა“ და ინდური „გოას“ ღირსებასაც იცავდა. ლეგენდარული მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების მაისურს 1996-2004 წლებში ატარებდა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები