''გაუგებარია, ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეს'' - კვიპროსზე ჩემპიონატი ჩაიშალა
Aa
Aa

''გაუგებარია, ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეს'' - კვიპროსზე ჩემპიონატი ჩაიშალა

კვიპროსის ჩემპიონატის 2019-20 წლების სეზონი არ განახლდება. ინფორმაცია ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა Instagram-ის Story-ს საშუალებით გაავრცელა.

თორნიკე ოქრიაშვილი:''ვისაც აინტერესებდა გაგრძელდებოდა თუ არა კვიპროსის ჩემპიონატი, 99 პროცენტით სეზონი ჩაიშალა. გაუგებარია რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, არაერთ ქვეყანაში გუნდებმა ვარჯიში დაიწყეს და სეზონის განახლებისთვის ემზადებიან, თუმცა კვიპროსზე 700 000-იან ქვეყანაში სეზონი ჩაშალეს. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და ახალი ეტაპებისთვის ვემზადებით.''

სეზონის შეჩერებამდე ჩემპიონატს ''ომონია'' და ''ანორთოსისი'' 46-46 ქულით ლიდერობენ, თუმცა პირველადგილოსნად ''ომონია'' ითვლება, რადგან ურთიერთშეხვედრებში ''ომონიას'' უპირატესობა აქვს. არსებული მონაცემების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰენინგ ბერგის ''ომონია'' ითამაშებს, ხოლო ''ანორთოსისი'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ეცდება.

შეგახსენებთ, კვიპროსული კლუბის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, რომელსაც ასისტენტობას სოსო ჭედია უწევს. ქეცბაიას გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა მიქაია, ბუბა დაუშვილი და ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ. ''ანორთოსისთან'' კონტრაქტი ჯანო ანანიძესაც აკავშირებს, თუმცა სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კუნძულს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები