Aa
Aa

"ბოს, ცოტა დრო მაქვს დარჩენილი", - ვენგერმა ანრის ბარსელონაში წასვლა გაიხსენა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ბეინ სპორტს-თან საუბრისას ტიერი ანრის „ბარსელონაში“ გადასვლის მომენტი გაიხსენა.

ვენგერის თქმით, ანრი მასთან მივიდა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირადად ესაუბრა.

„წასვლამდე ანრიმ მითხრა - „ბოს, უკვე 31 წლის ვხდები. ვიცი, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რამდენიმე კარგი ფეხბურთელით, თუმცა ისინი ტიტულების მოსაგებად ამ ეტაპზე მზად არ არიან, მე კი ცოტა დრო მაქვს დარჩენილი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი წასვლა უდიდეს პრობლემას შეგვიქმნიდა, მე მას დავეთანხმე. ანრი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ვფიქრობ, რომ მან გუნდს საკმარისი დრო დაუთმო და მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც დავეთანხმე“.

ანრიმ რამდენიმე დღის წინ, „არსენალიდან“ ‘ბარსელონაში“ გადასვლა გაიხსენა და თქვა, თუ რამდენად რთული იყო ეს მისთვის:

„არსენალში სადაც მინდა იქ წავიდოდი და ისე ვითამაშებდი.იქ ჩემთვის გაცილებით მარტივი იყო თამაში, რადგან გვერდით ბერგკამპი, ან კანუ მყავდა. მათ მოედნის ცენტრში საჯარიმოსთან დარჩენა უყვარდათ, რაც მე მეტ თავისუფლებას მაძლევდა. მინდოდა უკან ჩავიდოდი და ორივე ფლანგზე გადავიდოდი სათამაშოდ.

ბარსელონაში ადაპტირება დამჭირდა. იქ ბერგკამპი და კანუ აღარ მყავდნენ. რაიკაარდს ვთხოვე, რომ მარცხენა ფლანგზე დავეტოვებინე და იქ მეთამაშა. შემდეგ პეპი მოვიდა... გუარდიოლა საოცარი მწვრთნელია, თუმცა ის ძალიან მომთხოვნი, ძალიან ინტენსიურია და ფაქტიურად თქვენ მასთან ჭადრაკს თამაშობთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები