Aa
Aa

"ქუჩაში ვმათხოვრობდი" - ევრამ მძიმე ბავშვობას იხსენებს

ვეტერანმა ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ საკუთარი მძიმე ბავშვობა გაიხსენა და გამოტყდა, რომ ხანდახან ქუჩაში მოწყალების თხოვნაც უწევდა.

„ბევრი და-ძმა მყავდა, ხშირად ქუჩაში ცხოვრება მიწევდა და ხანდახან საჭმელიც არ მქონდა. ჩემი ძმა დომინიკი „მაკდონალდსში“ მუშაობდა, შესვენებაზე მასთან მივდიოდი და თავის საჭმელს მაძლევდა. იმასაც ვაღიარებ, რომ მაღაზიებთანაც ვიდექი და ხალხს ვთხოვდი ფულს, რომელსაც სენდვიჩის საყიდლად ვაგროვებდი.

ყველაფრის მიუხედავად, მე მსხვერპლი არ ვარ და ამის გამო არც წუხილის შეგრძნება მაქვს. არც ის მინდა, იმის გამო, რაც ახლა მოვყევი, ვინმეს შევებრალო და სიყვარული გამოხატოს. ქუჩაში ბევრი რამ ვისწავლე და სწორედ ეს დამეხმარა, ძლიერი გავმხდარიყავი.

არაფერს შევცვლიდი, რადგან ამ ყველაფერმა მაქცია ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. ეს ჩემი ნამდვილი ისტორიაა. მსურს, მოტივაცია მივცე ბავშვებს და ვუთხრა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს დანებდნენ. თუკი გინდა, რამეს მიაღწიო და ამის გჯერა, სირთულეებმა არ უნდა დაგამარცხოს, რწმენა უნდა შეინარჩუნო და მიზანს აუცილებლად მიაღწევ“.

პატრის ევრა ფართო საფეხბურთო აუდიტორიამ გაიცნო იმ „მონაკოდან“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 2004 წლის ფინალში ითამაშა. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა და მასთან ერთად 15 ტიტული, მათ შორის 5-ჯერ პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ევრა საფრანგეთის ნაკრებში 12 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და მისი ღირსება 81 შეხვედრაში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები