უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 15 მილიონი ლარით დაეხმარება
Aa
Aa

უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 15 მილიონი ლარით დაეხმარება

უეფა ევროპული ქვეყნების ფეხბურთის მმართველ ორგანოებს ფინანსურად დაეხმარება. ოფიციალური განცხადების მიხედვით უეფა პანდემიის კრიზისის დასაძლევად ევროპულ ქვეყნებს საერთო ჯამში 236.5 მილიონ ევროს გადაურიცხავს.

უეფაში 55 ქვეყნის საფეხბურთო ორგანიზაცია შედის. მათ შორისაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც უეფასგან 4,3 მილიონ ევროს მიიღებს, რაც დაახლოებით 15 მილიონი ლარია.

უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს: ''კორონავირუსის პანდემიამ ფეხბურთი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დააყენა. უეფას სურვილია გამოყოფილი თანხით თითოეულმა ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლა მოახერხოს.

ვფიქრობ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ქვეყნებს დავეხმაროთ ისე, რამდენადაც შეგვიძლია. ამაყი ვარ, რომ ევროპულმა ფეხბურთმა კრიზისის დროს ერთსულოვნება გამოავლინა.

როცა ცხოვრების ჩვეული ტემპი დაბრუნდება, ფეხბურთი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცევა და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.''

შეგახსენებთ, პანდემიის გამო მარტიდან მოყოლებული ყველა ევროპული ქვეყნის ჩემპიონატი შეწყდა. ასევე, გადაიდო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შეხვედრები. გამონაკლისის სახით რჩება ბელარუსის საფეხბურთო ლიგა, სადაც საფეხბურთო მატჩები დაგეგმილი კალენდრის მიხედვით იმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები