Aa
Aa

"ზესტაფონის" ყოფილი მოთამაშე, თამაშის წინ დალევის გამო, გუნდიდან მოკვეთეს

ბოსნიური "სარაევოს" 3 ფეხბურთელი, ლეონ ბენკო, დუშან ჰოჟიჩი და ბოიან პავლოვიჩი, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს შეიძლება ახსოვდეს კიდეც, გუნდიდან მოკვეთეს.

მიზეზი, "ჟრინსკთან" შეხვედრის წინა ღამეს მომხდარი ამბავია, როცა საკუთარ ნომერში, აღნიშნული სამეული ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა და მათ თავზე სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი წაადგა. 

"გუშინ ღამით ეს 3 ადამიანი, თავიანთ ნომერში ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. "სარაევო" საკმარისად დიდი კლუბია იმისთვის, რომ თამაშისთვის მისი ფეხბურთელები ასე არ ემზადებოდნენ".

"სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ვერცერთი მათგანი ვერ ითამაშებს. მათ ვუთხარი, რომ ნომერი დაეტოვებინათ და ეს უმსგავსობა სხვაგან გაეგრძელებინათ, მატჩს კი, მათ გარეშე ვითამაშებდით". - განაცხადა "სარაევოს" მთავარმა მწვრთნელმა ალმირ ჰურტიჩმა. 

ხორვატი თავდამსხმელი, ლეონ ბენკო "სარაევოს" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, 2014 წლის შემდეგ, მან 49 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. 

ბოსნიელი დუშან ჰოჟიჩი, კლუბში ამ ზაფხულს ჩაირიცხა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ ფაქტის მესამე მონაწილე სერბი მეკარე, ბოიან პავლოვიჩია, რომელიც 2014-2015 წლებში "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა და იმერელთა მაისურით 15 მატჩიც ჩაატარა. 

აღნიშნულ ფაქტზე, ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია. 

"სარაევო" ბოსნიის 3 გზის ჩემპიონია. გუნდმა ამ ქვეყნის პირველობა ბოლოს 2014-2015 წლების სეზონში მოიგო. 

 

მომზადებულია vecernji.hr-ს მიხედვით


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები