''ჩემპიონატის შეჩერების მიზეზს ვერ ვხედავთ'' - ბელარუსში საფეხბურთო ცხოვრება გრძელდება
Aa
Aa

''ჩემპიონატის შეჩერების მიზეზს ვერ ვხედავთ'' - ბელარუსში საფეხბურთო ცხოვრება გრძელდება

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ევროპის თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი დროით შეჩერებულია. გამონაკლისია მხოლოდ ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატი. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სერგეი ჟარდეცკის განცხადებით ჩემპიონატის შეჩერების მიზეზს ვერ ხედავენ.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ESPN-სა და Marca-ს ესაუბრა.

''ხალხი ტრაქტორებით მუშაობს, ისინი ვირუსის შესახებ არ საუბრობენ, სოფელში მინდვრებს ამუშავებენ და ცხოვრებას აგრძელებენ.

ჩვენ ყოველდღე განვიხილავთ არსებულ ვითარებას, ვუსმენთ და ვენდობით ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს და ამ ეტაპზე სეზონის შეჩერების მიზეზს ვერ ვხედავთ.

გვესმის რომ რამდენიმე ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მთავრობასთან ერთად ვითარება განვიხილეთ და ჩემპიონატის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას.

ქომაგთა გადასაწყვეტია მატჩებს დაესწრებიან თუ არა. საფეხბურთო მატჩზე დამსწრე ყველა პირს დეზინფექცია უტარდება და თითოეულ მათგანს სიცხეს უზომავენ.

კარგია რომ ბელარუსის ჩემპიონატის პოპულარობა გაიზარდა, მაგრამ ვფიქრობ კომერციალიზაციისთვის საუკეთესო დრო არაა.''

ოფიციალური მონაცემებით ბელარუსში 351 პირი დაინფიცირდა, მათგან 4 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ბელარუსის ჩემპიონატში სამი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს. სოლიგორსკის ''შახტიორში'' ლაშა შინდაგორიძე და გეგა დიასამიძე თამაშობენ, ხოლო ''ნემანში'' გიორგი ქანთარია ირიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები