პრემიერ ლიგა გაურკვეველი ვადით გადაიდო - კლუბები ხელფასების შემცირებას აპირებენ
Aa
Aa

პრემიერ ლიგა გაურკვეველი ვადით გადაიდო - კლუბები ხელფასების შემცირებას აპირებენ

დღეს, პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბების წარმომადგენლებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს და კორონავირუსის პანდემიის გამო, შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, კლუბები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო პარასკევს გასამართი შეხვედრის შემდეგ, თავიანთ ფეხბურთელებთან ხელფასის მაქსიმუმ 30 პროცენტით შემცირება განიხილონ.

კლუბები იმაზეც შეჯერდნენ, რომ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ადგილობრივი გაერთიანებებისთვის, ოჯახებისა და ჯგუფებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალდნენ, 20 მილიონი ფუნტი გამოყონ. გარდა ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ ინგლისის საფეხბურთო და ნაციონალურ ლიგას 125 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეცეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის პირველი კლუბი გახდება, რომელიც ფეხბურთელებს ერთი თვით ხელფასს შეუმცირებს. ცვლილებების შედეგად მიღებული თანხა მანჩესტერში მდებარე საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებს გადაეცემათ, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ ლიგის 30 აპრილს განახლების იმედი გადაიწურა და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ტურნირი გაურკვეველი ვადითაა შეწყვეტილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები