Aa
Aa

მუჯირი: "ბელარუსთან მატჩი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის გადაიდო"

დღეს, უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით მორიგი ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ კი, გაიმართა სხდომა, რომელზეც ვიდეოკონფერენციის დროს განხილული საკითხები გადაწყდა - ისინი ეროვნულ ნაკრებს, ასაკობრივ ნაკრებებს, საკლუბო და ქალთა ფეხბურთს შეეხება.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ივნისის სანაკრებო პაუზა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოპის ყველა მატჩი გადაიდო. კონკრეტულად ერთა ლიგის ნახევარფინალებიც, ბუნებრივია, გადადებულია და ის, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება - ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

ეროვნული ნაკრების მსგავსად ზაფხულის სანაკრებო პაუზის პერიოდში მატჩები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსაც უნდა გაემართათ, მაგრამ ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს მატჩებიც გადაიდო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2020 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატი და, შესაბამისად, ჩვენი 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებები მატჩები კი, ეროვნულის მსგავსად, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის დაიგეგმება.

​ასევე, 2020-2021 წლების სეზონისთვის ევროტურნირები ივლისის ნაცვლად, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვალა ლიცენზირების და განაცხადის წარდგენის ვადები. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა" და "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის კლუბების მონაწილეობით პარასკევს ვიდეოკონფრენციას გამართავს.

​სხვა ასაკობრივ ტურნირებთან ერთად ასევე გაუქმდა 19-წლამდე გოგონათა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო. ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიმართა უეფა-ს და გამოთქვა მზადყოფნა, რომ უმასპინძლოს გოგონათა რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონატს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები