გოლები ოლდ ფირმის დერბიში - როგორ ამწარებდა არველაძე სელტიკს
Aa
Aa

გოლები ოლდ ფირმის დერბიში - როგორ ამწარებდა არველაძე სელტიკს

2001 წელს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კო ადრიანსეს ამსტერდამის ''აიაქსი'' შინ მარტინ ონილის გლაზგოს ''სელტიკთან'' 1:3 დამარცხდა. ჰოლანდიური გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე შოთა არველაძემ გაიტანა და ანგარიში 1:2 გახდა. ეს იყო შოთა არველაძის პირველი გოლი ''სელტიკის'' კარში.

''აიაქსისა'' და ''სელტიკის'' დაპირისპირება 2001 წლის აგვისტოში გაიმართა. ამავე თვის მიწურულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჰოლანდიური გუნდიდან გლაზგოს ''რეინჯერსში'' გადავიდა. არველაძემ შოტლანდიურ კლუბში 2005 წლამდე ითამაშა და ''რეინჯერსის'' ყველაზე პრინციპულ მეტოქეს კიდევ ორი გოლი შეუგდო.

''სელტიკისა'' და ''რეინჯერსის'' საყოველთაოდ ცნობილი დაპირისპირება ''ოლდ ფირმის'' სახელითაა ცნობილი.

2002 წლის 6 ოქტომბერს შოტლანდიის პრემიერ ლიგაში ''სელტიკისა'' და ''რეინჯერსის'' მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. არველაძის თანაგუნდელთაგან გოლები მიკელ არტეტამ და რონალდ დე ბურმა გაიტანეს, ხოლო ''სელტიკის'' მხრიდან ჰენრიკ ლარსონმა დუბლი შეასრულა.

არველაძის გოლით ''რეინჯერსი'' წინ გავიდა, 3:2-ს იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში კრის სატონმა ''სელტიკი'' მარცხისგან იხსნა.

2004-05 წლების სეზონში შოტლანდიის ლიგის თასის მეოთხედფინალში ''რეინჯერსი'' ''სელტიკს'' დაუპირისპირდა. ''აიბროქსზე'' ''სელტიკი'' დაწინაურდა, თუმცა მატჩის მიწურულს დადო პრშომ ანგარიში გაათანაბარა.

შოთა არველაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში ქართველმა ფორვარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ''რეინჯერსი'' შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შოთა არველაძე ''რეინჯერსში'' 2001-05 წლებში ასპარეზობდა. გლაზგოურ გუნდთან ერთად შოტლანდიის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო (2002-03, 2004-05). ასევე ორჯერ მოიგო შოტლანდიის თასი, 2003 წელს ფინალში ''რეინჯერსმა'' ''სელტიკი'' დაამარცხა,  2003 წელს შოტლანდიის თასის ფინალში არველაძის გუნდმა ნემსაძისა და ხიზანიშვილის ''დანდის'' ამორუზოს გოლით სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები