შალამბერიძე: ''სახლში ვარ, ფეხბურთს ვუყურებ და ანალიზს ვაკეთებ''
Aa
Aa

შალამბერიძე: ''სახლში ვარ, ფეხბურთს ვუყურებ და ანალიზს ვაკეთებ''

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ მძიმე ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი თქმით თუ საქართველოს ჩემპიონატი ზაფხულში განახლდება, ყველაზე სამართლიანი გათამაშების ორ წრედ ჩატარება იქნება.

– ბატონო თემურ, ახალ რეჟიმთან შეგუება რამდენად მოახერხეთ და როგორ გაგყავთ დრო?
– რასაც, ჯანდაცვის სამინისტრო გვავალდებულებს, ყველა წესს ვიცავ. ექიმებისა და სპეციალისტების რჩევებს ვითვალისწინებ. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს, მადლობას გადავუხდი. იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავბრუნდებით.

მიუხედავად იმისა, რომ სულ სახლში ვარ, მაინც ფეხბურთით ვცხოვრობ, ვუყურებ „საბურთალოს“ განვლილ თამაშებს, ვაკეთებ ანალიზს, ვნახულობ თუ რა შეცდომები გვქონდა. ვფიქრობ იმაზეც, როდესაც გადაწყდება ვარჯიშების განახლება, რა დრო გვექნება მოსამზადებლად, რათა ჩემპიონატს სასურველ სპორტულ ფორმაში შევხვდეთ.

– გუნდმა რამდენიმე კვირაა, რაც ვარჯიში შეწყვიტა. გექნებათ კომუნიკაცია ფეხბურთელებთან. როგორ ინარჩუნებენ სპორტსმენები სპორტულ ფორმას?
– ასეთი მდგომარეობაში იოლი არ არის ფორმის შენარჩუნება, თუმცა ინდივიდუალურად დარიგებული გვაქვს სავარჯიშო პროგრამა და ასე ვარჯიშობენ ფეხბურთელები.

– ლეგიონერებმა დატოვეს საქართველო?
– უმეტესობამ დატოვა საქართველო, ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.

– ჩემპიონატის სტარტზე ტრავმები მიიღეს გიორგი კოხრეიძემ და ლევან კაკუბავამ. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ახლა ფეხბურთელები უკეთ არიან. როდესაც განახლდება ვარჯიშები, ისინი გუნდთან ერთად დაიწყებენ საწვრთნელ პროცესს.

– ჯერჯერობით, არავინ არაფერი იცის, თუ როდის განახლდება ვარჯიშები და შემდეგ პირველობა. თქვენ, ხომ არ გაქვთ თქვენეული ვერსია, თუ როგორ უნდა განახლდეს და დასრულდეს ჩემპიონატი?
– თუ ზაფხულში დაიწყება ჩემპიონატი, ალბათ 2 წრედ ჩატარება ყველაზე სწორი და სამართლიანი იქნება. თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. დრო გვიჩვენებს, რა ფორმატით განხლდება პირველობა.

 ეროვნული ლიგის მწვრთნელებთან თუ გაქვთ კომუნიკაცია და რას ამბობენ, როგორი ჩემპიონატის გაგრძელების მომხრე არიან?
– რა თქმა უნდა, მაქვს კომუნიკაცია, მწვრთნელები ვსაუბრობთ ერთმანეთში. ყველა ამ ეპიდემიის დასრულების მოლოდინშია.

– მოსამზადებლად გარკვეული დრო გექნებათ. ალბათ ამ შეკრებას სამშობლოში გაივლით…
– სავარაუდოდ სამშობლოში მოვემზადებით, რადგანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას ვერ შევძლებთ. ეს პრობლემა მთელს მსოფლიოშია მოდებული და არ ვიცით, სხვაგან რა მდგომარეობა იქნება. მარტო ჩვენ არა, სავარაუდოდ სხვა ქართულ გუნდებსაც შეკრების ადგილზე გავლა მოუწევთ.

– „საბურთალოს“ ფეისბუქ-გვერდი დროს უქმად არ კარგავს და სისტემატურად კლუბის წარმატებებს იხსენებს. გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად, თქვენც ხართ ამ გამარჯვებების მონაწილე. რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ძველი წარმატებების ვიდეოებს უყურებთ?
– ძალიან სასიამოვნოა, ასეთი გამარჯვებების გახსენება. „საბურთალოს“ დიდი გზა აქვს გავლილი. ამ გამარჯვებებში კი დიდი შრომა დევს, როგორც კლუბის ხელმძღვანელების, ასევე მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და სხვა დანარჩენი პერსონალის. ხსენებულ ვიდეოებში ვნახულობთ, თუ როგორ მოვიდა კლუბი დღემდე. მიუხედავად, ასეთი რთული მდგომარეობისა, „საბურთალომ“ უნდა განაგრძოს განვითარება და პროგრესი. ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ ამ წარმატების გაგრძელებას.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები