''გამოწვევას ვუერთდებით'' - სამტრედიას ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს პროდუქტები დაურიგეს
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  18:41

''გამოწვევას ვუერთდებით'' - სამტრედიას ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს პროდუქტები დაურიგეს

საფეხბურთო კლუბ ''სამტრედიას'' წარმომადგენლები კლუბის ასაკოვან ქომაგებს შეხვდნენ და სხვადასხვა სახის პროდუქტები გადასცეს. იმერული კლუბის დირექტორი მიხეილ ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ამ ქმედებით პანდემიასთან საბრძოლველად მოკრძალებული წვლილის შეტანა სურდათ.

ხუციშვილის კომენტარს ''სამტრედიას'' პრესსამსახური ავრცელებს: "ვუერთდებით საერთაშორისო გამოწვევას და გვსურს, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩვენი მოკრძალებული წვლილიც შევიტანოთ. ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები და კლუბის ხელმძღვანელები თბილისში ვიმყოფებით და თვითიზოლაციაში ვართ.

სამტრედიაში ჩასვლა ამიტომ ვერ მოვახერხეთ, თუმცა ჩვენი კლუბის ადგილობრივმა ფეხბურთელებმა იმ ასაკოვან გულშემატკივრებს, რომლებიც წლებია სამტრედიას თამაშებზე დადიან და გვერდში გვიდგანან, სხვადასხვა პროდუქტები გადასცეს. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსს მალე ერთად დავამარცხებთ და ჩვენს კლუბს სტადიონიდან კვლავ ერთად ვუგულშემატკივრებთ".

შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება პანდემიის გამო შეჩერებულია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩემპიონატის განახლების ზუსტი ვადის პროგნოზირება, რა თქმა უნდა, ურთულესია.

მასალაში გამოყენებულია ''სამტრედიას'' პრესსამსახურის ფოტო და ვიდეო მასალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები