Aa
Aa

"იგი უნდა ახსოვდეთ და აფასებდნენ" - პერესი ლორენცო სანსის გარდაცვალებას გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, ლორენცო სანსის გარდაცვალებას გამოეხმაურა. პერესმა სანსის პრეზიდენტობისას მიღწეულ წარმატებებსა და მის მიერ „ბლანკოსისთვის“ გაწეულ ღვაწლზე გააკეთა აქცენტი.

„დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ლორენცო სანსს, რომელიც ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლია. ის იყო პრეზიდენტი, რომელმაც ჩვენ - მადრიდისტებს, დიდი ხნის ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი მოგვაპოვებინა. ყველას ემახსოვრება 1998 წლის 20 მაისი, ამსტერდამი, მაშინ პრეზიდენტ სანსის ხელმძღვანელობით, ჩვენმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

ამას ორი წლის შემდეგ უკვე პარიზში მიღწეული ტრიუმფი მოჰყვა და „რეალი“ დაბრუნდა ფეხბურთის ისტორიის იმ პოზიციაზე, რომელზეც მისი ადგილია. ამ ორი დიდი ტიტულის გარდა, მისი პრეზიდენტობისას ჩვენმა გუნდმა საკონინტენტთაშორისო თასის, ლა ლიგის, ესპანეთის სუპერ თასის, ქვეყნის საკალათბურთო ლიგისა და თასების მფლობელთა თასის ჩემპიონობა იზეიმა.

ჩვენ დიდი მადრიდისტა დავკარგეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლორენცო სანსი ახსოვდეთ და აფასებდნენ, ის ამას იმსახურებს. ჩვენ მას პატივს მივაგებთ „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზეც, სადაც ის საყვარელი კლუბის თამაშებს ხშირად ესწრებოდა“.

ლორენცო სანსი, რომელიც „სამეფო კლუბს“ 1995-2000 წლებში ხელმძღვანელობდა, „თეთრების“ მატჩებს რეგულარულად ესწრებოდა და ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის თითქმის ყველა ტრიუმფის უშუალო მონაწილე გახლდათ.

„პრეზიდენტი, რომელმაც „რეალის“ ისტორია შეცვალა“. - ასეთი სათაური მიუძღვნა გარდაცვლილ პრეზიდენტს მადრიდულმა Marca-მ. ლორენცო სანსი 76 წლის იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები