''მჯერა, ბელარუსთან მატჩს ვაისთან ერთად შევხვდებით'' - იაშვილმა სლოვაკის კონტრაქტზე ისაუბრა
Aa
Aa

''მჯერა, ბელარუსთან მატჩს ვაისთან ერთად შევხვდებით'' - იაშვილმა სლოვაკის კონტრაქტზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით ისაუბრა. ვაისს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი მიმდინარე თვეში ეწურება, იაშვილმა კი ხელშეკრულების გარკვეულ დეტალებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე გააკეთა კომენტარი.

ამ თემაზე ალექსანდრე იაშვილმა Facebook Live-ს საშუალებით ისაუბრა, რომელიც ლევან კობიაშვილის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა.

''მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისს კონტრაქტი მარტის მიწურულს უმთავრდება. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ - ამიტომაც არის ამდენი ხანი ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი. 

ვაისთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენი მიზანია, ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მასთან ერთად მოვემზადოთ, დანარჩენს ყველაფერს დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ბელარუსთან მატჩს მასთან ერთად შევხვდებით.''

ქომაგთა ერთ-ერთი კითხვა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ეხებოდა, როგორია მათი მდგომარეობა კორონავირუსის სწრაფად გავრცელების პირობებში და რომელიმე მათგანი კარანტინში ხომ არ იმყოფება.

იაშვილი: ''ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელი კარგ მდგომარეობაშია, კარანტინში არავინ იმყოფება. მოგეხსენებათ, თითქმის ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია. სახლში იმყოფებიან, ფეხბურთელებს ინდივიდუალური დავალებები მიცემული აქვთ და მათ სახლში ასრულებენ.''

ლევან კობიაშვილის თქმით, ბელარუსთან მატჩში თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ე.წ. ფან ზონები მოეწყობა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ივნისში გაიმართება.

კობიაშვილი: ''ბელარუსთან მატჩისთვის სხვადასხვა ქალაქებში ე.წ. ფან ზონების გაკეთებას ვგეგმავდით, ამის საშუალებით მატჩს დიდ ეკრანზე უყურებდნენ ქომაგები, რომლებიც თამაშს ვერ დაესწრებოდნენ. რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. ჩვენს პარტნიორებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად. ე.წ. ფან ზონას მოვაწყობთ როგორც თბილისში, ასევე დიდ ქალაქებში.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები