მუჯირი: ''თუ ვითარება დალაგდება, ბელარუსთან მატჩი ივნისში შედგება
Aa
Aa

მუჯირი: ''თუ ვითარება დალაგდება, ბელარუსთან მატჩი ივნისში შედგება"

უეფამ ვიდეოკონფერენცია გამართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში შემავალი 55 სუბიექტი მონაწილეობდა. უეფას გადაწყვეტილებით ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს არ გაიმართება, ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის ზაფხულში შედგება.

26 მარტს დაგეგმილი ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსს შორის გადაიდო, აღნიშნული მატჩი უდიდესი ალბათობით ივნისში გაიმართება.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის კომენტარს ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დავით მუჯირი:''დღევანდელი ვიდეოკონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ევრო 2020 გახლდათ. ამ ეტპაზე ყველაფერი დამოკიდებულია თუ როგორ და როდის განახლდება ევრონული ჩემპიონატები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან ერთად ბევრ სხვა ქვეყანაში შიდა ჩემპიონატი შეჩერებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე გაურკვეველია თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ მომავალ სეზონში ევრო ტურნირებზე. ყველაფრის გათვალისწინებით უეფამ დღეს წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად აღმასკომს გადაეცემა.

დიდი ალბათობით აღნიშნული პროექტი დამტკიცდება, რადგან არც ერთ ასოციაციას საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. ევროპის ჩემპიონატი დიდი ალბათობით გადაიდება მომავალი წლისთვის და 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩაითვლით გაიმართება. ასევე შეიცვლება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების დღეები. ცვლილება, რა თქმა უნდა, შეეხო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მოცემულობით მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩი ივნისში ჩატარდება.

ყველა ეს ცვლილება გათვლილია იმაზე, რომ მსოფლიოში არსებული მდომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. არსებობს ჩემპიონატების განახლების რამდენიმე ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშება აქვს დასასრულებელი. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი მდგომარეობით ჩემპიონატების განახლების კონკრეტული თარიღი უცნობია, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როდესაც ევროპაში შიდა ჩემპიონატები განახლდება. განახლების თარიღზეა დამოკიდებული ევრო ტურნირების ფორმატიც. ამ მდგომარეობით ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვის თარიღად 27 ივნისი სახელდება.

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ ივნისის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე უნდა განახლდეს ის ჩემპიონატები სადაც ჩვენი ლეგიონერები ასპარეზობენ და ქვეყნებს შორის გადაადგილება უნდა გახდეს უსაფრთხო. ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები