Aa
Aa

რეალი VS ბარსელონა - მატჩის შემდეგ

ლა ლიგის სეზონის რიგით მეორე „ელ კლასიკო“ მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. „სამეფო კლუბმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და ვინისიუს ჟუნიორისა და მარიანო დიასის გოლებით 2:0 დაამარცხა.

1974-75 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ჩემპიონატის ეგიდით „რეალმა“ ორივე „კლასიკოში“ კარი მშრალად შეინახა.

ვინისიუსი 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ეგიდით გამართულ „კლასიკოში“ გაიტანა. იგი გოლის მომენტში 19 წლისა და 233 დღის იყო, რითაც ლიონელ მესის მიღწევა 26 დღით დააუმჯობესა. რაც შეეხება მარიანოს, მან მეტოქის კარი მოედანზე გამოსვლიდან 50 წამში აიღო, რაც 21-ე საუკუნეში „ელ კლასიკოს“ ახალი რეკორდია.

ზინედინ ზიდანი: „ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან ასეთი ტიპის მატჩებში მოგება იოლი არაა. როგორც დაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციებისას კარგად ვმოქმედებდით, ამიტომ გამარჯვება დავიმსახურეთ.

პირველ ტაიმში მაღალი პრესინგი იდეალურად ვერ ვითამაშეთ, რაც მეორე ნახევარში გამოვასწორეთ და ისინი პრაქტიკულად დაუძლეველ წნეხში მოვაქციეთ. ზოგადად, მთლიანად მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართა.

ვინისიუსი ძალიან კარგი იყო და გოლის გარდაც დიდი სამუშაო შეასრულა. ისევე როგორც ყოველთვის, კურტუამაც შესანიშნავად ითამაშა. მისი სეივები გადამწყვეტი იყო, რამაც ჩვენი გუნდი თამაშში დატოვა.

ჩვენს მთავარ მეტოქესთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც გუნდს მენტალურად დაეხმარება. საჭირო 3 ქულა ავიღეთ და ლიდერობა დავიბრუნეთ, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ.“

კიკე სეტიენი: „რთული მარცხია, რადგან ასეთი შეხვედრის წაგება გუნდზე გავლენას ახდენს, თუმცა რეაბილიტაცია შეგვიძლია. არის პოზიტიური რაღაცებიც, რომელთაც გავაანალიზებთ და ასევე მივხვდებით, სწორად რა არ გავაკეთეთ. თამაში სხვადასხვა ფაზებისგან შედგება, რომელთა წარმატებით ჩატარება საბოლოო წარმატებას განაპირობებს.

ვფიქრობ, პირველი ტაიმი კარგად ჩვენ ვითამაშეთ, მეორეში კი - მათ. იყო მომენტები, როცა პრესინგის დაძლევას ვახერხებდით და გოლის გატანის შანსებიც გვქონდა. მეორე ტაიმში კი დინამიკაში შეცდომებს ვუშვებდით. გოლამდეც ნორმალურად გამოვიყურებოდით, თუმცა შემდეგ ასე აღარ იყო. მათ მეორეც გაიტანეს და დამსახურებული გამარჯვება უნდა მიულოცოთ, რადგან ამისთვის სათანადო შრომა შეასრულეს.

საბოლოოდ, საკითხი ასეა - გასულ კვირას ცხრილში 2 ქულით წინ ჩვენ ვიყავით, ახლა 1 ქულით ისინი გვისწრებენ. ასე რომ, ყველაფერი წინაა.“

როგორც აღვნიშნეთ, „ბარსამ“ „რეალის“ კარში ჩემპიონატის „კლასიკოს“ ორივე მატჩში 45 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა. იქამდე ასეთი კიდევ ორი შემთხვევა იყო - 1935-36 და 1957-58 წლების სეზონებში.

ასევე აღსანიშნავია, რომ უშუალოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბლანკოსმა“ მშრალად 2006 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა - მაშინ „თეთრებმა“ რაულისა და ვან ნისტელროის გოლებით 2:0 მოიგეს.

სერხიო რამოსი: „პირველ ნახევარში მათ ბურთი ჰქონდათ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ, შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ მაღალი პრესინგი გვეთამაშა და ბურთის ფლობის საშუალებაც წავართვით. შანსების შექმნა დავიწყეთ, გავიტანეთ, რის შემდეგაც თამაშის მოკვლას ვცდილობდით. სულ ესაა, რაც დღეს გავაკეთეთ.

რაც შეეხება მესის, მას თამაშში მუდმივად გაურკვევლობა შემოაქვს, მას დიდი ყურადღება დავუთმეთ და სივრცეებიც შევუზღუდეთ.“

ხერარდ პიკე: „პირველი ნახევარი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი იყო, რომელიც „რეალს“ ამ სტადიონზე ჩვენ წინააღმდეგ უთამაშია. თავიდან სიტუაციას ვაკონტროლებდით, თუმცა შემდეგ მათ წნეხში მოგვაქციეს, გაშვებულმა გოლმა კი იმედები გაგვიცრუა.

თუკი შანსებს გამოვიყენებდით, მათ ძალიან გაუჭირდებოდათ. ყველა გუნდს თავისი პრობლემები აქვს, თუმცა საქმე არც ისე ცუდადაა, ჩვენ ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ ლა ლიგა მოვიგოთ.“

„რეალმა“ პრიმერას სატურნირო ცხრილში 56 ქულა მოაგროვა და ლიდერობა დაიბრუნა. „სამეფო კლუბი“ შემდეგ ტურში „ბეტისს“ ესტუმრება, „ბარსელონა“ კი „სოსიედადს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები