''ეროვნული გუნდი ფინანსებზე მაღლა დავაყენე'' - მერებაშვილი ევრო 2020-ზე ოცნებობს
Aa
Aa

''ეროვნული გუნდი ფინანსებზე მაღლა დავაყენე'' - მერებაშვილი ევრო 2020-ზე ოცნებობს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პლოცკის ''ვისლას'' ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა პოლონურ მედიასთან, przegladsportowy-სთან ინტერვიუში განვლილი კარიერის შესახებ ისაუბრა. 33 წლის მოთამაშე აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბებია თბილისის ''დინამო'' და პლოცკის ''ვისლა.''

მწვრთნელობა კარიერის დასრულების შემდეგ

''მძულს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას ვგეგმავ, არ მომეწონება ფეხბურთელი, ვინც სათადარიგოთა სკამზე ჯდომას მარტივად მიიღებს. ამ ფაქტმა უნდა გაგაბრაზოს და მოგცეს მოედანზე დაბრუნებისთვის ბრძოლის მოტივაცია.''

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ოცნება

''გასულ წელს ჩემი ტრანსფერი 95 პროცენტით გადაწყვეტილი იყო, ფინანსური კუთხით სარფიან წინადადებას განვიხილავდი, თუმცა საბოლოოდ დარჩენა ვარჩიე, რადგან ''ვისლადან'' წასვლა რისკი იქნებოდა.  კლუბში დარჩენით ეროვნულ ნაკრებში თამაშის მეტი შანსი მექნებოდა. ჩემთვის ეროვნული ნაკრები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფული.

ერთა ლიგის ნახევარფინალამდე ''ვისლა'' ხუთ მატჩს ჩაატარებს. ვეცდები მაქსიმალურად კარგად ვითამაშო, რომ ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე. ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან არასდროს ვყოფილვართ, მთელი საქართველო ამ ოცნებით ცხოვრობს.''

არშემდგარი ტრანსფერები

''კარიერის საუკეთესო პერიოდი თბილისის ''დინამოში'' გავატარე, სამჯერ საქართველოს ჩემპიონი გავხდი და ასევე სამჯერ საქართველოს თასი მოვიგე. ორჯერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და ასევე ორჯერ საუკეთესო ნახევარმცველი გავხდი. ცხადია, ველოდი, რომ კარიერას უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გავაგრძელებდი, მაგრამ ''დინამოს'' ხელმძღვანელებმა ჩემს სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო მოითხოვეს, ამიტომაც არ შედგა ჩემი ტრანსფერი ''ვერდერსა'' და ''აინტრახტში.'' არსებობდა მეორე პრობლემაც, საქართველო ევროკავშირის მქონე ქვეყანა არაა, რაც ევროპულ კლუბში თამაშს ართულებს.

საბერძნეთში ჯენარო გატუზოსთან ვმუშაობდი. შემდგომში მას ჩემი სერია ბ-ში წაყვანა სურდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა.''

სტუმართმოყვარე ქართველები და შოკირებული დუშან უჰრინი

''სტუმართმოყვარე ერი ვართ. ქართველს შესაძლოა ფული არ ჰქონდეს, მაგრამ სტუმარს მაინც განსაკუთრებულად უმასპინძლებს. ჩვენ გახსნილი ხალხი ვართ, პოლონელები კი უფრო ჩაკეტილები არიან.  ამ ერებს შორის ეს განსხვავებაა, თუმცა მე ამ მხრივ პრობლემები არ მქონია, რადგან პლოცკში ჩასვლის პირველივე დღეს მეგობრულ ადამიანებს შევხვდი, მათ შორის ჩვენი გუნდის თანამშრომელს, მიხალ ლადას.

რაც შეეხება თბილისის ქუჩებს, იქ არის ნამდვილი ფორმულა 1.  როცა ''დინამოში'' ვთამაშობდი, მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინს (უმცროსი) მძღოლი ემსახურებოდა, შემდეგ თავად გადაწყვიტა მანქანის მართვა და შოკირებული იყო. თბილისში მანქანის მართვა საოცრად საშიშია, რადგან შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები