''ვეცდებით ევროპული ოცნება ავიხდინოთ'' - დინამომ ახალწვეულები წარადგინა
Aa
Aa

''ვეცდებით ევროპული ოცნება ავიხდინოთ'' - დინამომ ახალწვეულები წარადგინა

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ''დინამომ'' ''დინამო არენაზე'' გუნდის ახალწვეულები წარადგინა. ესენი არიან თორნიკე კაპანაძე, როინ კვასხვაძე, ირაკლი ბუღრიძე, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი კუცია, თორნიკე ახვლედიანი, ნიკა სანდოხაძე, ლუკა ლოჩოშვილი. ასევე, ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი,  ტოგოს ეროვნული ნაკრების მცველი საიმონ ბენიო, სლოვაკი ფილიპ ორშულა, უკრაინელი მცველი ივან ტრუბოჩკინი და ბრაზილიელი შემტევი პერნამბუკუ.

საქართველოს სუპერთასზე თბილისის ''დინამო'' სპეციალურად დამზადებული მაისურებით ითამაშებს. მაისურებზე იმ იუნკერთა გვარები წერია, რომლებიც 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

23 თებერვალს საქართველოს სუპერთასზე თბილისის ''დინამო'' ''საბურთალოს'' დაუპირისპირდება. მატჩი ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება.

თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი:''ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. პირველ შეკრებაზე ბევრი მოთამაშე ტრავმირებული იყო, ასევე ზოგიერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მეორე შეკრებისთვის გუნდი მზადყოფნაში იყო და კარგი თამაშები გამოგვივიდა. ერთობლივი შრომით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ გზადაგზა ყველაფერი დალაგდება და ძალიან კარგად იქნება.

ევროტურნირებზე მაქსიმალურად ვიბრძოლებთ. ვეცდებით ის ოცნება ავიხდინოთ, რაც ევროპულ ასპარეზზე წარმატებას გულისხმობს.

მოსამზადებელ ეტაპზე თამაშიდან თამაშამდე გუნდი უმატებდა. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და საფეხბურთო ასპექტები გამოსასწორებელი გვაქვს. ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. მათ გარდა გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიც ირიცხებიან.

ამ ეტაპზე გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია. სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ გამოჩნდება თუ რომელ პოზიციებზე დაგვჭირდება გაძლიერება.

თუ რომელიმე ფეხბურთელის მიმართ ევროპული კლუბი ინტერესს გამოიჩენს და ეს ტრანსფერი მოთამაშის პროგრესისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენი კლუბი ფეხბურთელს ხელს არ შეუშლის. 

შულაიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და შესაძლოა გუნდში დარჩეს. მას ევროპულ კლუბში თამაში სურდა, თუმცა რეალურად დრო დაკარგა. ამ ეტაპზე საკითხი გადაწყვეტილი არაა. იმედი გვაქვს დაგვიბრუნდება და კვლავ გამარჯვებებისთვის იბრძოლებს ''დინამოსთან'' ერთად.''

თბილისის ''დინამოს'' სპორტული დირექტორის, ზაზა დოლიძის განცხადებით აკაკი შულაიას საკითხი გადაწყვეტილი არაა:''მას კლუბთან კონტრაქტი აქვს. ჩვენ მას გაუმჯობესებული პირობები შევთავაზეთ, მაგრამ მას წასვლა სურს, თუმცა შესაბამისი გუნდი ვერ მოძებნა. მისი გადასაწყვეტია დარჩება თუ არა ჩვენს კლუბში. რამდენიმე ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა და შესაძლოა წავიდეს ან კლუბში დარჩეს და ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. მასთან მიმართებაში ჩვენი შეთავაზება ძალაშია.

რაც შეეხება ნიკა ნინუას, მას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე აკავშირებს და შესაბამისად გუნდში რჩება, ის ჩვენი გუნდის კაპიტანია, როგორც მინიმუმ ნინუა ზაფხულამდე ''დინამოში'' ითამაშებს, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ მის მიმართ დიდი ინტერესია.''

შეგახსენებთ, აკაკი შულაიას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის მაისამდე აკავშირებს. მას თბილისის ''დინამოსთან'' ერთად ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები