„ბოროტი მაიკლი
Aa
Aa

„ბოროტი მაიკლი" - იარაღი, რომელსაც „ემჯეი" ხშირად იყენებდა

დღეს, 17 თებერვალს მაიკლ ჯორდანის დაბადების დღეა.

დიადი „ემჯეი“ 57 წლის გახდა.

მაიკლის კარიერის შესახებ სპორტის რიგითი ქომაგისთვისაც ბევრი რამაა ცნობილი. ამიტომ ჯორდანის ტიტულებზე, მის მიღწევებზე, ათასჯერ დაწერილ ისტორიაზე და რეკორდებზე საუბარი გარკვეულწილად მოსაბეზრებელია. „ემჯეი“ პარკეტზე შეუჩერებელი იყო, მაგრამ საკალათბურთო გენიალიზმთან ერთად მას ჰქონდა იარაღი, რომლის დახმარებითაც მეტოქეებს უდიდესი წნეხის ქვეშ აქცევდა და ხშირ შემთხვევაში მათ ანადგურებდა. ჯორდანს ბინძური საუბარი (Trash Talk) ძალიან უყვარდა და ამ ასპექტში შეუდარებელი გახლდათ. „ემჯეის“ მთავარი უპირატესობა კი ის იყო, რომ მისი სიტყვები სიტყვებად არასდროს რჩებოდა და პარკეტზე ყოველთვის ამტკიცებდა, რომ სხვებზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგა.

Hey Mutombo, this one's for you, baby

1991 წელს NBA-ში დიკემბე მუტომბომ შეაბიჯა. კალათბურთელმა, რომელსაც დაცვაში თამაში და მეტოქეების ტყორცნების დაბლოკვა შესანიშნავად გამოსდიოდა. მას საფირმო ჟესტიც ჰქონდა და დაფარებების შემდეგ, თავისი მსხვერპლის მისამართით თითს აქნევდა. დიკემბეს გამოჩენამ ჯორდანს ახალი გამოწვევა დაუსახა და მის მთავარ მიზნად მუტომბოს განადგურება იქცა.

1991 წლის 23 ნოემბერს „ემჯეიმ“ ახალწვეული „დეკეს“ „დენვერის“ წინააღმდეგ 37 ქულა ჩააგდო, დიკემბესთან მთელი მატჩის განმავლობაში ბინძური საუბარი (Trash Talk) ჰქონდა და ყველაფერი საყოველთაოდ ცნობილი საჯარიმო ტყორცნით დაასრულა, რომელიც მუტომბოს გამოწვევის შემდეგ, თვალდახუჭულმა ჩააგდო.

 

1997 წლის All Star-ის მატჩის დაწყებამდე დიკემბე გასახდელში ჯორდანთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად იმყოფებოდა და ამაყობდა, რომ აქამდე მაიკლმა მას ბურთი ვერცერთხელ გადაატენა, ხოლო  ჯორდანის ფრაზა, რომ „ერთ დღეს მისი ჯერიც დადგებოდა“ სასაცილოდ არ ყოფნიდა. ამ მომენტიდან რამდენიმე თვის შემდეგ დიკემბეს საამაყოდ საქმე აღარ ჰქონდა. „ემჯეიმ“ პირობა შეასრულა, მუტომბოს გადაატენა და მისი საფირმო ჟესტიც გამოიყენა.

 

მოკეტე შე პატარა ძუკნა

1980-იან და 1990-იან წლებში მოთამაშე კალათბურთელთა უმრავლესობას მაიკლ ჯორდანის შესახებ რაღაც მაინც აქვს მოსაყოლი. გამონაკლისი არც ანტონიო ჰარვი გახლავთ, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას იხსენებს.

„მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე, მაიკლ ჯორდანს 16-დან მხოლოდ 4 ბურთი ჰქონდა ჩაგდებული და მისი გუნდი მარცხდებოდა. ამ დროს მას დერიკ მარტინმა მიმართა და უთხრა: „ჰეი მაიკ, დღეს რაღაც ბურთები არ ვარდება“. მარტინის სიტყვების შემდეგ ჯორდანმა ბოლო 10 წუთში 24 ქულა მიითვალა.

იმ შეხვედრაში მაიკლის ბოლო სროლა Fadeaway იყო, რომელიც ჩვენი სათადარიგოთა სკამის წინ შეასრულა. რა თქმა უნდა ემჯეიმ ბურთი ჩააგდო და თავისი გუნდი 6 ქულით დააწინაურა. შემდეგ კი შემოგვიტრიალდა და თავადაც მიხვდებით ვის მიმართა: „მოკეტე შე პატარა ძუკნა“.

 

ოჰ, 50

მაიკლ ჯორდანის ეპოქაში მოასპარეზე ყველა კალათბურთელმა იცოდა, რომ „ემჯეის“ პროვოცირება დამღუპველი იყო. თუ გამარჯვების მოპოვება გსურდა, მაიკლთან Trash Talk არ უნდა დაგეწყო. ეს ყველას მშვენივრად მოეხსენებოდა და გამონაკლისი არც ბაირონ სკოტი გახლდათ. ამ უკანასკნელს ჯორდანის წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

„ენტონი პილერი გახსოვთ? მოკლედ ერთ დღეს ჩიკაგო ბულსი გვესტუმრა. სამწუხაროდ ნატკენი კოჭის გამო, იმ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მივიღე. არადა მაიკლის მეურვეობა ყოველთვის მსიამოვნებდა. ჯორდანის წინააღმდეგ თამაშისას ერთი დაუწერელი წესი მქონდა - ემჯეი არ უნდა გამებრაზებინა. თუ ჯორდანი ბურთს ჩააგდებდა უნდა გეთქვა: „კარგი სროლა იყო მაიკ”! მასთან Trash Talk რომ დაგეწყოთ მინიმუმ 60 ქულას გაიფორმებდა. ჯორდანი სიკეთითა და თბილი სიტყვებით უნდა მოგეკლათ.

მოკლედ ბულსი გვესტუმრა. ისინი ავტობუსიდან ჩამოდიოდნენ, ჩვენ კი ვარჯიში ახალი დამთავრებული გვქონდა და დარბაზს ვტოვებდით. ამ დროს ემჯეი მომესალმა და მეუბნება: „გავიგე ამ საღამოს არ ითამაშებ„. მე ვპასუხობ: „კოჭი დავიზიანე და არ ვიქნები”. მაიკლი აგრძელებს და მეკითხება: „ჩემი მეურვე ვინ იქნება”? მე ვპასუხობ: „ენტონი პილერი. ის კი იცინის და ამბობს: „ოჰ, 50“.

მოგვიანებით ენტონი პილერს შევხვდი და ვუთხარი: „მისმინე, ემჯეი შენ წინააღმდეგ ალბათ 50 ქულის ჩაგდებას მოისურვებს. ნუ გააბრაზებ. ცუდი არაფერი უთხრა.

მაიკმა 54 ქულა ჩააგდო“...

როცა ყველაფერი ძალიან მარტივია

მაიკლ ჯორდანმა კარიერის საუკეთესო შედეგს „კავალიერსთან“ შეხვედრაში მიაღწია და 69 ქულა დააგროვა. ხსენებულ მატჩამდე ადგილობრივ გაზეთში სტატია გამოქვეყნდა, რომლის სათაურიც ასეთი გახლდათ: „შეუსრულებელი მისია: ილო Air Jordan-ის მიწაზე დანარცხებას შეეცდება“.

ილომ რა თქმა უნდა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. მაიკლი კი Trash Talk-ს მთელი შეხვედრის განმავლობაში იყენებდა. მოგვიანებით ის მატჩი თავად ილომაც გაიხსენა და განაცხადა.

„მაიკლი ჩემთან მოვიდა და მითხრა. მისმინე, ყველა ბურთს ვაგდებ, ამიტომ მოდი გეტყვი ამ შეტევაში რას გავაკეთებ და ვნახოთ ჩემს შეჩერებას მოახერხებ თუ არა. ბურთს საჯარიმო ხაზის ოდნავ მარცხნივ მივიღებ, შემდეგ მარცხნივ გავიქცევი და Fadeaway-ს ვისვრი“.

მაიკლმა ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულა და რა თქმა უნდა ილომ მის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

 

გამონაკლისების გარეშე

როდნი მაკრეი „ჩიკაგო ბულსს“ 1992-93 წლების სეზონში შეუერთდა. იგი საშუალო დონის კალათბურთელი გახლდათ, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ საშუალოდ 16.6 ქულასა და 8.3 მოხსნას აგროვებდა. მაკრეის საჩემპიონო ბეჭდის დასაკუთრება სურდა და მზად იყო თავისი საქმე სათადარიგოთა სკამიდან გაეკეთებინა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა წინ რა ელოდა.

Sports Illustrated-თან საუბრისას „ემჯეის“ ერთ-ერთი თანაგუნდელი იხსენებს: „ჯორდანმა ჩვენს ფორვარდს, როდნი მაკრეის პრაქტიკულად კარიერა დაუნგრია. ვარჯიშებისას, როცა მაიკლი და მაკრეი სხვადასხვა გუნდებში ხვდებოდნენ, ემჯეი მას პირდაპირ სახეში ეუბნებოდა: „შენ ხელმოცარული ხარ. შენ ყოველთვის ხელმოცარული იყავი“. როდნის ამის შემდეგ ბურთის ჩაგდება ძალიან უჭირდა“.

1993 წელს მაკრეიმ საჩემპიონო ბეჭედი დაისაკუთრა, მაგრამ 1992-93 წლების სეზონი მის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა.

ტერპინი საკმარისად დიდია?

„იუტას“ წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი შეხვედრისას, ჯორდანმა ჯონ სტოკტონი მარტივად ჩამოიშორა და ჩატენა, რის შემდეგაც „ჯაზის“ მფლობელმა, ლარი მილერმა „ემჯეის“ შესძახა: „ვინმე შენი გაბარიტების ამოირჩიე“. მომდევნო შეტევაში მაიკლმა ბურთი მიიღო, „იუტას“ ცენტრს, მელ ტერპინს გადაატენა და მილერს უპასუხა: „ის საკმარისად დიდია?“.

 

როცა ფანტაზიის ჩართვა გიწევს

1993 წლის მარტში ჩიკაგოს „ვაშინგტონ ბულეთსი“ ესტუმრა და ლაბრედფორდ სმიტმა, რომელიც არაფრით გამორჩეული კალათბურთელი გახლდათ და იმ სეზონში საშუალოდ 9.3 ქულას აგროვებდა, „ბულსს“ 37 ქულა ჩაუგდო. წარმოიდგინეთ „ჩიკაგოსთან“ მატჩამდე, მისი საუკეთესო მაჩვენებელი 22 ქულა იყო!

სმიტს უმეტესად პიპენი მეურვეობდა. რამდენიმე შანსი გაბრაზებულ „ემჯეისაც“ მიეცა, თუმცა ვერც სკოტიმ და ვერც მაიკლმა სმიტის შეჩერება ვერ მოახერხეს. „ბულსმა“ მატჩი მაინც მოიგო, მაგრამ ჯორდანი უკმაყოფილო გახლდათ იმით, რომ უცნობმა კალათბურთელმა მის გუნდს 37 ქულა ჩაუგდო. „ემჯეის“ თქმით შეხვედრის შემდეგ მასთან სმიტი მივიდა და ნიშნის მოგებით უთხრა: „კარგი თამაში იყო მაიკ“.

უცნაურია, მაგრამ რეალობა ის გახლავთ, რომ სმიტს ჯორდანისთვის არაფერი უთქვამს. რამდენიმე წლის შემდეგ „ემჯეიმ“ აღიარა, რომ ყველაფერი გამოიგონა, რადგან საკუთარი თავისთვის დამატებითი მოტივაცია მიეცა. „ვაშინგტონისა“ და „ჩიკაგოს“ მომდევნო შეხვედრაში ჯორდანმა 47 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 პასი დააგროვა. თანაც ეს ყველაფერი 31 წუთში გააკეთა! სმიტი კი აღარსად ჩანდა და აღარავის ახსოვდა...

მაიკლის შესახებ ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თუნდაც ო ჯეი მეიოსთან დაპირისპირება, თუნდაც მისი და ჯერალდ უილკინსის ბრძოლა, თუნდაც სტივ სმიტის წინააღმდეგ დაწყებული დათვლა, თუნდაც თიასის წინააღმდეგ გაფორმებული 43 ქულა. ოდესმე ამ ისტორიებს აუცილებლად გაგიზიარებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ყველა ამბავს ერთი რამ აქვს საერთო. თითოეული მათგანი გვარწმუნებს, რომ „ემჯეი“ ერთადერთი და განსაკუთრებული იყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები