რასიზმი პორტუგალიაში: ცრემლები, გოლი და შუა თითი პასუხად
Aa
Aa

რასიზმი პორტუგალიაში: ცრემლები, გოლი და შუა თითი პასუხად

პორტუგალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „პორტუ“ „ვიტორია გიმარაეშს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა სკანდალური გამოდგა და ამის მიზეზი მასპინძელთა ქომაგების რასისტული შეძახილები იყო. მათ შეურაცხყოფა პორტუელ მუსა მარეგას მიაყენეს.

„გიმარაეშის“ ქომაგები მარეგას მთელი შეხვედრის განმავლობაში რასისტული შეძახილებით ამცირებდნენ. 61-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ფეხბურთელმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, აღნიშვნისას კი მას ტრიბუნიდან მოგლეჯილი სკამი ესროლეს, რომელიც მალელმა ფორვარდმა თავზე ირონიულად დაიფარა და გოლი ასე აღნიშნა.

  

შეძახილები გაგრძელდა, რასაც ისიც დაემატა, რომ როცა ბურთს 28 წლის აფრიკელი მიიღებდა, "აფონსო ენრიკეშის" ტრიბუნებიდან გამაყრუებელი სტვენა ისმოდა. საბოლოოდ, 69-ე წუთზე მარეგას მოთმინების ფიალა აევსო, წყობიდან გამოვიდა და მოედნის თვითნებურად დატოვება განიზრახა.

მის გადარწმუნებას თანაგუნდელები, მეტოქეები და მთავარი მწვრთნელი - სერჟიო კონსეისაო, შეეცადნენ, თუმცა მალელმა მინდორი დატოვა და მის ნაცვლად თამაშში ვილსონ მანაფა ჩაერთო. გასახდელისკენ მიმავალმა მარეგამ მეტოქე გუნდის ქომაგებს შუა თითები უჩვენა.

 

მუსა მარეგა "გიმარაეშის" ყოფილი ფეხბურთელია, იგი ამ გუნდის რიგებში 2016-17 წლების სეზონში განათხოვრების წესით თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს „მარსელში“ მოთამაშე პატრის ევრამ რასისტული შეძახილების გამო, სწორედ „ვიტორია გიმარაეშის“ გულშემატკივარს ჩაარტყა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები