ზარანდია ექსტრაკლასაში ბრუნდება? - ''ვარეგემში'' ქართველს ემშვიდობებიან
ბელგიური ''ზულტე ვარეგემის'' ფეხბურთელი ლუკა ზარანდია შესაძლოა პოლონეთის ექსტრაკლასაში დაბრუნდეს. გასულ ზაფხულში ''არკადან'' ბელგიურ კლუბში 1 მილიონ ევროდ გადაბარგებულმა ფეხბურთელმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და წარუმატებელი ასპარეზობის გამო ''ზულტე ვარეგემის'' მწვრთნელი მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს.
პოლონეთის ექსტრაკლასაში სატრანსფერო ფანჯარა 2 მარტს იხურება. ''არკას'' ხელმძღვანელებს ზარანდიას დაბრუნება უახლოეს 18 დღეში შეუძლიათ.
sport.trojmiasto-ს ცნობით ზარანდიას ''არკაში'' დაბრუნების შანსი რეალურია, რადგან მოთამაშემ ბელგიურ კლუბში მუდმივი სათამაშო დრო დაკარგა და ჩემპიონატის გასულ ტურში სამატჩო განაცხადს მიღმა აღმოჩნდა. ცხადია, ზარანდიას გეგმებში სარეზერვო გუნდში თამაში არ შედის. გარდა ამისა კიდევ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი, ერთა ლიგის მატჩებისთვის ფეხბურთელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ''არკა'' კი ის გუნდია, სადაც ზარანდიამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გუნდს ტიტულების მოპოვებაში დაეხმარა.
პოლონური კლუბის ხელმძღვანელები ზარანდიას დამატებას იჯარის წესით სეზონის ბოლომდე გეგმავენ.
23 წლის ზარანდიამ მიმდინარე სეზონში ბელგიის უმაღლეს ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა მისი თამაშით გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრენკი დური და კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილოები არიან, ისინი ქართველ ლეგიონერთან თანამშრომლობას აღარ გეგმავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ბელგიის ჩემპიონატში წარმატებული კარიერის შექმნა მეორედ ცადა, თუმცა როგორც მაკლიშის ფორმაციის ''გენკში,'' ასევე ''ზულტე ვარეგემში'' ვერ აჩვენა საუკეთესო თამაში.
2014-16 წლებში ლუკა ზარანდია ''გენკის'' საკუთრება იყო, თუმცა შემდეგ თბილისის ''ლოკომოტივში'' დაბრუნდა, რასაც პოლონური ექსტრაკლასას გდინიას ''არკაში'' წარმატებული 2,5-წლიანი პერიოდი მოჰყვა.
2017 წლის 2 მაისს ლუკა ზარანდიას ბრწყინვალე გოლით ''არკამ'' პოლონეთის თასის ფინალში პოზნანი ''ლეხი'' დაამარცხა. ზარანდია ''არკას'' ისტორიაში ისტორიული გოლის ავტორია. გარდა ამისა გუნდთან ერთად პოლონეთის სუპერთასი ორჯერ მოიგო.
''არკამ'' პოლონეთის თასი ორჯერ მოიგო, შორეულ 1979 წელს და 2017 წელს.
ზარანდიას ისტორიული გოლი
ფოტო: essevee.be