Aa Aa
13 თებერვალი 2020  |  22:47

ჯემბა-ჯემბა ფოეს იხსენებს: "მისი ბოლო სიტყვები არასდროს დამავიწყდება"

ერიკ ჯემბა-ჯემბამ 2003 წელს ტრაგიკულად დაღუპული მარკ-ვივიენ ფოეს ბოლო სიტყვები გაიხსენა. კამერუნელმა ფეხბურთელმა ყოფილი თანაგუნდელის შესახებ The Sun-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ კოლუმბიასთან შეხვედრაში წარმატების მისაღწევად ფოე მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც დაეთმო.

"მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ავტობუსში ფოეს მიერ ნათქვამი სიტყვები არასდროს დამავიწყდება. მან გვითხრა: "დღეს თუ ვინმე უნდა მოკვდეს, ჩვენ მოვკვდებით. ეს შეხვედრა არ უნდა წავაგოთ, რადგან მეუღლესა და შვილებს დავპირდი, რომ ფინალში გავიდოდი. კონფედერაციის თასი უნდა მოვიგო".

ჯემბა-ჯემბას თქმით, მატჩის მიმდინარეობისას ფოემ დაღლილობა იგრძნო და როგორც კი თამაში შეჩერდებოდა, კამერუნელთა თავკაცი მის გაყვანას აპირებდა, მაგრამ ფოეს მოედნის დატოვება არ დასცალდა.

"დავინახე ფოე როგორ დაეცა და შემდეგ მარიო იეპესის ყვირილი მომესმა. მასთან მივედით და მაშინვე მივხვდით, რომ ფოე უკვე გარდაცვლილი იყო".

შეგახსენებთ, რომ მარკ-ვივიენ ფოე კონფედერაციის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების 72-ე წუთზე ბალახზე დაეცა და მოგვიანებით გარდაიცვალა. იმ შეხვედრაში აფრიკელებმა კოლუმბია 1-0 დაამარცხეს და ფინალში საფრანგეთთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ ჯემბა-ჯემბას მიხედვით, მის თანაგუნდელებს ტრაგედიის გამო, მოკლე პერიოდში კიდევ ერთი მატჩის გამართვის ეშინოდათ. მათ გადაწყვეტილება სეპ ბლატერმა შეაცვლევინა, რომელიც კამერუნის ნაკრების მოთამაშეებს პირადად გაესაუბრა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

imgbanner

ცხელი სიახლეები