ჭანტურია:''არასდროს არავისთვის არაფერი დამიბრალებია...''
ესპანურ შეკრებაზე გამგზავრებამდე ''საბურთალომ'' 26 წლის ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია წარადგინა. არნემის ''ვიტესის'' ყოფილი შემტევი ''საბურთალოს'' აღზრდილია და კლუბში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მედიასთან გიორგი ჭანტურიამ, კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ისაუბრეს.
ჭანტურიამ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
გიორგი ჭანტურია:''ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი იქ, სადაც ყველაფერი დავიწყე. გამიცდა დიდი დრო, ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვზივარ აქ, სადაც 10 წლის წინ ჩემი ''ბარსელონაში'' ტრანსფერი წყდებოდა.
როცა საქართველოში თამაში გადავწყვიტე, ''საბურთალოს'' ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან ჩემი მშობლიური კლუბია, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს.
დღეს თუ საფეხბურთო სამყაროში რამეს წარმოვადგენ, ეს გიორგი დევდარიანის, თემურ ფოცხვერიასა და გია ცეცაძის დამსახურებაა. მოუთმენლად ველი ახალი თანაგუნდელების გაცნობას და მათთან საერთო ენის გამონახვას, როგორც მინდორზე, ასევე მინდორს მიღმა.
გამიხარდა, რომ გია ცეცაძე ''საბურთალოს'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ასეთი სამკუთხედი შეიქმნა, მე, გია ცეცაძე და ტარიელი. ჩვენ ''საბურთალოს'' გარშემო ვტრიალებდით, აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებისას გია ცეცაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ძალიან დიდი ფაქტორი იყო.
გია ცეცაძის მადლიერი ვარ, რადგან არ არის ადვილი იმ ფეხბურთელზე პასუხისმგებლობის აღება, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანი გაუცდა.
ჯანმრთელობის კუთხით თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმები წარსულში დარჩა. ვიდრე ოფიციალური წარდგენა მოხდებოდა, ინდივიდუალურად ვემზადებოდი.
არასდროს არავისთვის არაფერი დამიბრალებია. ჩემს გარშემო თუ რაიმე ცუდი ხდებოდა ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. გასული ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე გუნდში გადასვლის შანსი მქონდა, თუმცა აგენტების გამო ასე მოხდა და 2019 წელი მთლიანად გამიცდა.
საქართველოს ჩემპიონატში ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს. მე რასაც ვხედავ, საქართველოს ჩემპიონატი ყოველწლიურად პროგრესირებს. გასულ წლებში თამაშების ყურებაც პრობლემა იყო, დღეს კი გაშუქებას დიდი ყურადღება ექცევა. ერთ დღეში ვერ ავალთ იმ დონეზე, რაც ჩვენ გვსურს, ამისთვის დროა საჭირო, მაგრამ პროგრესი თვალშისაცემია.''
ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური