ზაიონმა NBA-ში შეაბიჯა - უილიამსონის ხმამაღალი განცხადება და ბრწყინვალე დებიუტი
Aa
Aa

ზაიონმა NBA-ში შეაბიჯა - უილიამსონის ხმამაღალი განცხადება და ბრწყინვალე დებიუტი

ზაიონ უილიამსონმა NBA-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 2019 წლის დრაფტის პირველი ნომერი ტრავმის შემდეგ, პარკეტს „სან ანტონიო სპურსთან“ მატჩში დაუბრუნდა.

ტექსასური გუნდის წინააღმდეგ, ზაიონმა 18 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა და აქტივში 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ უილიამსონმა მეოთხე მეოთხედში, 3 წუთსა და 29 წამში „პელიკანსის" ზედიზედ 17 ქულა ჩააგდო.

ზაიონის ბრწინვალე ასპარეზობის მიუხედავად, „ნიუ ორლეანმა“ სასურველი შედეგი მაინც ვერ დააფიქსირა. ელვინ ჯენტრის ბიჭებმა „სან ანტონიოს“ შეტევას ვერაფერი მოუხერხეს და 121-117 დამარცხდნენ.

უილიამსონის გარდა „პელიკანსის“ რიგებში ბრენდონ ინგრემი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო. ლონზო ბოლმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და შეხვედრა 14 ქულით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 8 მოხსნით დაასრულა. ჯრუ ჰოლიდეი კი 12 ქულას დასჯერდა.

ტექსასელთა მხრიდან 32 ქულით საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი იყო. დემარ დეროუზენმა გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო დეჟანტე მარეიმ 13 ქულა მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ „ნიუ ორლეანის“ დამარცხების შემდეგ, „სან ანტონიომ“ მერვე ადგილზე გადაინაცვლა. „პელიკანსი“ კი 17 გამარჯვებითა და 28 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეთორმეტეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები