Aa Aa
18 იანვარი 2020  |  10:01

„ატლანტას" ისტორიული გამარჯვება და დეროუზენის მორიგი მიღწევა

„ატლანტა ჰოუქსმა“ ნავსი გატეხა და 23-წლიანი პაუზის შემდეგ „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად დაამარცხა. ჯორჯიელებს ტექსასელებთან მიჯრით 21 გასვლითი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული და გამთენიისას როგორც იქნა სასურველი შედეგი დააფიქსირეს.

„ატლანტას“ გამარჯვება კევინ ჰუერტერმა მოუტანა, რომელმაც 7 წამით ადრე, სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი 1 ქულით დააწინაურა. „სპურსს“ ბოლო წამებზე მოგება შეეძლო, მაგრამ დეროუზენის სროლამ მიზანს არ უწია და პოპოვიჩის შეგირდები 121-120 დამარცხდნენ.

გაფუჭებული ორქულიანის მიუხედავად, დეროუზენმა ისტორია მაინც დაწერა. დემარი 2.07 მეტრის ან უფრო დაბალი სიმაღლის მქონე პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 13 შეხვედრაში 20-ზე მეტი ქულა ისე ჩააგდო, რომ პარკეტიდან 50+ პროცენტით უტევდა.

„ატლანტასთან“ მატჩში დეროუზენმა 25 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი ტრეი იანგი გახდა, რომელმაც 31 ქულა და 9 ასისტი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ NBA-ში მისვლის შემდეგ, „აის ტრეიმ“ 30 ქულაზე მეტი 30-ედ დააგროვა.

„ჰოუქსთან“ მარცხის შემდეგ, „სპურსს“ 17 მოგება და 23 წაგება აქვს. პოპოვიჩის გუნდი პლეიოფისთვის იბრძვის და მერვე ადგილზე მყოფ „მემფისს“ 3 მოგებით ჩამორჩება. „ატლანტას“ რაც შეეხება, ჯორჯიელები 10 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები