გიორგი ბეჟანიშვილის მომენტი „მიჩიგანთან
Aa
Aa

გიორგი ბეჟანიშვილის მომენტი „მიჩიგანთან" მატჩში, რომელიც „ილინოისის" პროგრესს კარგად ასახავს

ამერიკული გამოცემა herald-review.com გიორგი ბეჟანიშვილისა და „ილინოისის" შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც გუნდის პროგრესზე საუბრობს და ქართველი კალათბურთელის ერთ-ერთ მომენტზე აკეთებს აქცენტს.

***

რეიტინგის მეხუთე ნომერ „მიჩიგანთან" მატჩის დასრულებამდე 12 წუთითა და 38 წამით ადრე, გიორგი ბეჟანიშვილი პარკეტზე დასაბრუნებლად ემზადებოდა, როცა გაიგო, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელებმა თავიანთ შეგირდებს ერთ-ერთი კომბინაციის გათამაშება მოსთხოვეს. გიორგი მაშინვე მიხვდა „მიჩიგანი" რომელი კომბინაციის გათამაშებას აპირებდა.

ბეჟანიშვილი ხაზთან იდგა და თანაგუნდელებს უყვიროდა. იგი მათ ინსტრუქციებს აძლევდა და ეუბნებოდა თუ რა მოხდებოდა ბურთის თამაშში შეყვანისას.

„მიჩიგანის მწვრთნელს შევხედე და გავიგე, რომ მან კომბინაცია „ხუთის" გათამაშება მოითხოვა. მთელმა გუნდმა ვიცოდით საქმე რასთან გვქონდა. ჩვენ მოწინააღმდეგე ბოლომდე გვყავდა შესწავლილი. ბევრ ვიდეოჩანაწერს ვუყურეთ და როგორც გუნდი მაქსიმალურად კარგად ვიყავით მომზადებულები. მე მიჩიგანის თავკაცთან ყველაზე ახლოს ვიდექი, როცა მან თავის შეგირდებს კომბინაციის გათამაშება მოსთხოვა. ჯერ მისკენ გავიხედე, შემდეგ კი ტრენტ ფრეიზერს ვუთხარი რა კომბინაციასაც გაათამაშებდნენ. შესაძლოა ამან მათზე გავლენა მოახდინა, შესაძლოა - არა. მთავარია ჩვენ მატჩისთვის მაქსიმალურად მზად ვიყავი". - განაცხადა ქართველმა კალათბურთელმა.

ბეჟანიშვილის მიხვედრილობის წყალობით ფრეიზერმა მეტოქე გუნდის გადაცემა ჩაჭრა და კიპერ ნიკოლსს უპასა, რომელზეც ოპონენტები დაჯარიმდნენ. „მიჩიგანის" თავკაცი, ჯუვან ჰოვარდი გიორგისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა და გაიგო ბეჟანიშვილი თანაგუნდელებს რა ინსტრუქციებს აძლევდა. როგორც კი ქართველი „ილინოისის" მოთამაშეებისთვის დარიგებების მიცემას მორჩა, ჰოვარდს ჩაეცინა.

მატჩის შემდეგ, მან განაცხადა, რომ შეეშალა და სხვა კომბინაციის გათამაშება სურდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ეს რეალობას შეესაბამებოდეს. დიდი ალბათობით ბეჟანიშვილმა მეტოქე გუნდის მწვრთნელის მითითება ბოლომდე წაიკითხა და მიხვდა საქმე რასთან ჰქონდა.

რეალობა ის გახლავთ, რომ „ილინოისის" კალათბურთელები უკეთ იყვნენ მომზადებულები, ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა აღარ ჰქონდათ და კომბინაციებს გაცილებით ეფექტურად ათამაშებდნენ. რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრებში „ილინიოსი" ამ ასპექტებში ნამდვილად არ გამოირჩეოდა. „მიჩიგანთან" ჯახში გამოჩნდა, რომ გუნდმა პროგრესი განიცადა. მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ „ილინოისი" მოწოდების სიმაღლეზე იყო, რაც ბეჟანიშვილის ეპიზოდმაც დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები