სეზონში მეორედ - შერმადინი ტურის MVP გახდა!
Aa
Aa

სეზონში მეორედ - შერმადინი ტურის MVP გახდა!

როგორც მოსალოდნელი იყო, „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის MVP გახდა. ამჯერად, მან ეს ტიტული ხაიმე ფერნანდესთან გაიყო.

შერმადინის „ტენერიფემ“ გასულ ტურში „მურსიას“ 85:78 მოუგო და ამაში უდიდესი წვლილი ქართველ კალათბურთელს მიუძღვის, რომელმაც 30:16 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

გიორგი შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 38 შეადგინა, ზუსტად ამდენივე ჰქონდა „უნიკახას“ საუკეთესო მოთამაშე ხაიმე ფერნანდესსაც.

ქართველი ცენტრი მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთსო მოთამაშედ მეორედ დასახელდა. კარიერაში კი ეს მისთვის მე-6 აღიარებაა.

„პირად სტატისტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. რა თქმა უნდა მიხარია, როცა ვხედავ რომ ჩემი სარგებლიანობის კოეიფიცენტი 38-ს უტოლდება, მაგრამ ეს ხომ ჩემი მოვალეობაა, უნდა ვითამაშო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო“, - განაცხადა შერმადინმა MVP-ის ჯილდოს მიღების შემდეგ.

ბოლოს გეტყვით, რომ გიორგი შერმადინს მიმდინარე სეზონში შესაშური სტატისტიკა აქვს. საშუალოდ ერთ შეხვედრაში ის ასე გამოიყურება: 27:46 წუთი, 18.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 1.8 გადაცემა, მარგი ქმედების კოეფიციენტი 24.3.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები