Aa
Aa

გოგას არ უთამაშია - „ინდიანამ“ „ოკლაჰომა“ დაამარცხა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და „ოკლაჰომა სითი თანდერი“ მიმდინარე სეზონში მეორედ დაამარცხა. ნეით მაკმილანის გუნდმა ამჯერად სტუმრად იმარჯვა და „ოქეისის“ 107 – 100 სძლია.

20 წლის ქართველ ცენტრს თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა და გოგამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

„პეისერსის“ თავკაცმა 9 კალათბურთელი გამოიყენა და მათგან 7-მა 10 ქულიანი ნიშნული გადალახა. „ინდიანას“ რიგებში საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო, რომელმაც მაატჩი 24 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა. დომანტას საბონისმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 13 მოხსნა. სათადარიგოთა სკამიდან შესული დაგ მაკდერმოტი 14 ქულას დასჯერდა, ხოლო ჯერემი ლემბი 13 ქულით გამოირჩა.

„ოკლაჰომას“ დამარცხების შემდეგ „ინდიანამ“ პოზიციები გაიმყარა. „პეისერსი“ 14 მოგებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებს და „ტორონტოს“, „ბოსტონს“, „მაიამისა“ და „ფილადელფიას“ მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას კვლავ სტუმრად, 8 გამარჯვებისა და 14 მარცხის მქონე „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო - გოგა ბითაძის Facebook გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები