Aa
Aa

"ინდიანამ" "ატლანტა" "ოვერტაიმში" დაამარცხა - ბითაძეს სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ NBA-ს მორიგი შეხვედრა ჩაატარა და უმძიმეს ბრძოლაში საკუთარ კედლებში ოვერტაიმში „ატლანტა ჰოუქსს“ 105:104 სძლია.

ძირითადი დრო 94:94 დასრულდა, დამატებითში კი გადამწყვეტი როლი მაილს ტერნერმა და ტი ჯეი უორენმა ითამაშეს, რომელთა ზუსტი სამქულიანები გამარჯვების მომტანი გამოდგა.

რაც შეეხება უშუალოდ გოგას, მან პარკეტზე 4:13 წუთი დაჰყო. ბითაძეს კარგი შეხვედრა ნამდვილად არ ჰქონია, მან მხოლოდ ერთი ორქულიანი ესროლა და ააცილა, საკუთარ ფარზე კი ბურთი ორჯერ მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის ქართველ ცენტრს სათამაშო დრო ბოლო ორ შეხვედრაში საგრძნობლად შეუმცირდა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ატლანტას“ გამთამაშებელი ტრეი იანგი გახდა, რომელმაც 49 ქულა ჩააგდო. „ინდიანას“ რიგებში 20 ქულით ჯერემი ლემბი გამოირჩა. ტრადიციულად ორმაგი დუბლი ჰქონდა დომანტას საბონისს - 17 ქულა, 12 მოხსნა. 17 ქულა ჰქონდა მაილს ტერნერსაც.

„პეისერსმა“ ამ შეხვედრის შემდეგ 18 შეხვედრაში მე-12 გამარჯვება გაიფორმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად მე-6 პოზიციას იკავებს. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად „ფილადელფიასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები