კაკაბაძე:''ასეთ მატჩებში წარმატებით არაერთხელ გვითამაშია''
Aa
Aa

კაკაბაძე:''ასეთ მატჩებში წარმატებით არაერთხელ გვითამაშია''

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ოთარ კაკაბაძემ და გურამ კაშიამ კომენტარები გააკეთეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ოთარ კაკაბაძე: "საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წინააღმდეგ არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია. შვეიცარიის წინააღმდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ასეთი წარმატებული მატჩი ჩავატაროთ. ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, რადგან შვეიცარიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ."

გურამ კაშია:"საინტერესო მატჩი გველის, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად შვეიცარიას გამარჯვება სჭირდება. აქედან გამომდინარე, მეტოქეზე ზეწოლა უფრო დიდია. ჩვენ სამწუხაროდ, ამ გზით ევრო 2020-ზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შანსს ვიტოვებთ, რომ მიზანს ერთა ლიგის საშუალებით მივაღწიოთ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდება. იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდათ, ახლა თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. შვეიცარიის ნაკრებისთვის დაძაბული მატჩი იქნება და ჩვენ შევეცდებით, რომ მათ საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ.



​ჩემი აზრით, შვეიცარიას ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუნდი ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამასთან ერთად შვეიცარიელებს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მათ საკუთარი სტილი აქვთ, მოკლე გადაცემებით თამაშობენ და ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია."

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები