ზიდანის მიერ გატარებული ცვლილებები
Aa
Aa

ზიდანის მიერ გატარებული ცვლილებები "რეალში"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებისას ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გუნდში ბევრ ცვლილებას განახორციელებდა. წლევანდელი სეზონი „სამეფო კლუბმა“ ცუდად დაიწყო, რის გამოც „ბლანკოსს“ და მის დამრიგებელს ბევრი აკრიტიკებდა. „ზიზუს“ კოლექტივი განსხვავებულს არაფერს გვთავაზობდა და ცვლილებები არცერთ ასპექტში ჩანდა. „რეალი“ ქულას ქულაზე კარგავდა, ბევრ გოლს უშვებდა და ილუზია, რომ ზიდანთან ერთად გუნდი წარმატებას მიაღწევდა, ნელ-ნელა ქრებოდა. გზა, რომელსაც ფრანგი სპეციალისტის კოლექტივი მიჰყვებოდა კითხვის ნიშნებს ტოვებდა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა და „სამეფო კლუბი“ პროგრესის გზას ადგას.

ბუნებრივია საინტერესოა „რეალში“ განხორციელებული ცვლილებებიდან რომელი გახლავთ ზიდანის დამსახურება და რა გავლენა მოახდინა მან გუნდში არსებულ სიტუაციაზე. პირველ რიგში აქცენტი ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე უნდა გავაკეთოთ. „ზიზუ“ დაიღალა პრესკონფერენციებზე იმის გამეორებით, რომ „რეალს“ ინტენსივობა აკლია და მოთამაშეები პირველიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებულები უნდა იყვნენ. იგი მოქმედებაზე გადავიდა. ზიდანმა დამოკიდებულება შეცვალა და როგორც თავად აცხადებს „მალიორკასთან“ მატჩის შემდეგ მისი გუნდი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.

"რეალის" კონკურენტუნარიან კოლექტივად ქცევა ფრანგი სპეციალისტის მიერ გატარებულმა რამდენიმე რეფორმამ განაპირობა. გუნდმა დაცვაში მოუმატა და პრესინგის ხაზი უფრო წინ წასწია. „რეალი“ მეტოქეს მისსავე ნახევარზე ბურთს ახლა უფრო ხშირად ართმევს და „ბლანკოსის“ ოპონენტებს ნაკლები ბურთის ფლობა და შეტევების წამოწყების ნაკლები შანსი ეძლევათ. ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი ფედე ვალვერდე გახლავთ. პრესინგისას ურუგვაელი „რეალის“ სამი ნახევარმცველიდან ყველაზე წინ მოქმედებს, რის გამოც დაცვაში ჩასასვლელად დიდი მანძილის დაფარვა უწევს, თუმცა ეს მისთვის პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. „ეიბარის“ წინააღმდეგ ვალვერდე აკორდეონს მოგაგონებდათ, რომელიც ისე ბრწყინვალედ მოქმედებდა, რომ გოლიც კი გაიტანა.

ნახევარდაცვის ხაზში ვალვერდეს გამწესებამ „რეალს“ ის ინტენსივობა შესძინა, რომელიც „ბლანკოსს“ ჰაერივით სჭირდებოდა. ზიდანმა მშვენივრად გაანალიზა, რომ ვალვერდე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლავთ და მას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება მისცა.

ვალვერდეს წყალობით კაზემირომ ამოისუნთქა. ეს უკანასკნელი კვლავ ძალიან ბევრს თამაშობს, მაგრამ ახლა დამხმარე მაინც ჰყავს. ამასთან ერთად „რეალის“ ნახევარდაცვაში კონკურენცია გაიზარდა, რაც „ეიბართან“ მატჩში ლუკა მოდრიჩს კარგად დაეტყო. ხორვატმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ზიდანმა ცვლილებები შემტევ ტრიოშიც განახორციელა და თავის გამოჩენის საშუალება როდრიგოს მისცა. ბრაზილიელმა ფრანგი სპეციალისტის იმედები გაამართლა. „ზიზუმ“ კი თავის შეგირდს თავდაჯერებულობა შემატა, თუმცა „ეიბართან“ მატჩში მისთვის სათამაშო დრო არ მიუცია, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა.

როდრიგოს ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ლუკას ვასკესი ვიხილეთ. ეს უკანასკნელი კიდევ ერთია, რომელსაც სათამაშო დრო გარანტირებული არ აქვს. ესპანელმა „ეიბართან“ ჩინებულად იასპარეზა და ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

ზიდანი არც იმან შეაშინა, რომ სეზონის სტარტზე კურტუა და აზარი ჩვეულ ფორმაში ვერ იყვნენ. ფრანგმა მათ ნდობა გამოუცხადა და ბელგიელებმა დაამტკიცეს, რომ „ზიზუ“ არ შემცდარა. მართალია ოპტიმალური ფორმისგან ორივე შორსაა, მაგრამ პროგრესი შესამჩნევია.

ზიდანმა სასტარტო თერთმეტეული იპოვა, ფეხბურთელთა დამოკიდებულება შეცვალა, გუნდს მიზანი დაუსახა და მოთამაშეებს თავდაჯერებულობა შემატა. პატარ-პატარა ცვლილებებმა კი დიდ რეფორმასთან მიგვიყვანა. შარშან 12 ტურის შემდეგ „რეალი“ „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩებოდა, შარშანწინ - ათით. წლეულს 12 ტურის შემდეგ ესპანური ფეხბურთის გრანდებს თანაბარი ქულები აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები