ჩისკოს გუნდის ურთულესი გამარჯვება და ''საბურთალოს'' ეფექტური გოლები
Aa
Aa

ჩისკოს გუნდის ურთულესი გამარჯვება და ''საბურთალოს'' ეფექტური გოლები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თბილისის ''დინამომ'' უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, ჩისკომ გუნდმა სტუმრად ''რუსთავს'' ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ''დინამომ'' ''სიონი'' 2:0 დაამარცხა, საუკეთესო სამეულში ვითარება არ შეცვლილა, თბილისის ''დინამო'' 69 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას ბათუმის ''დინამო'' 67 ქულით იკავებს, ხოლო მოქმედი ჩემპიონის, ''საბურთალოს'' ანგარიშზე 64 ქულაა.

რუსთავში დინამოელებმა ანგარიში 76-ე წუთზე გახსნეს, ნინუა-ზარია-ქავთარაძის კომბინაცია გოლით დასრულდა, თუმცა პირველ გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე გიორგი ქიმაძემ ''რუსთავის'' სწრაფი კონტრშეტევა ჩაშალა და მთავარ მსაჯს ქიმაძისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენების საფუძველი ჰქონდა.

გაშვებული გოლის შემდეგ ''რუსთავს'' შეტევების განვითარება ძალიან უჭირდა, კილასონიამ თამაშში გამოცდილი დათა სიჭინავა ჩართო, თუმცა მასპინძლებს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. 89-ე წუთზე არფანგ დაფეს საგოლე გადაცემით მიხაილო შიშკამ ისარგებლა, თბილისური გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.

 

''საბურთალო'' ''მიხეილ მესხზე'' ბოლოადგილოსანი ''ვიტ ჯორჯია'' 3:1 დაამარცხა. პირველი გოლი ტაბატაძის აქტიური თამაშისა და საგოლე გადაცემის შემდეგ გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.

 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდიდან მეორე გოლი ინტერს გის რეიდის შემდეგ გიორგი გაბედავამ გაიტანა, საბურთალოელთა თავდამსხმელმა ნახტომში თავური დარტყმით ეფექტური გოლი შეაგდო.

 

72-ე წუთზე ''საბურთალომ'' მესამე გოლი შეაგდო, რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაბედავას გოლით დასრულდა, მან სტუმართა მცველებსა თუ მეკარეს აჯობა და მახვილი კუთხიდან შეაგდო.

 

84-ე წუთზე ''ვიტ ჯორჯიამ'' ერთადერთი საპასუხო გოლი გაიტანა, ზურაბ მუსელიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ''ვიტ ჯორჯია'' 20 ქულით ბოლო ადგილზეა და შემდეგ სეზონს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს. ''ვიტ ჯორჯიას'' თბილისის ''მერანი'' შეცვლის, რომელმაც რანგით მეორე ლიგაში პირველი ადგილი სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა.

ჩემპიონატის დარჩენილ ორ ტურში თბილისის ''დინამოს'' კალენდარი ასეთია: ''დილასთან'' სტუმრად, ''ვიტ ჯორჯიასთან'' შინ.

ჩემპიონატის დარჩენილ ორ ტურში ბათუმის ''დინამოს'' კალენდარი ასეთია: ''რუსთავთან'' შინ, ''ლოკომოტივთან'' სტუმრად.

ჩემპიონატის დარჩენილ ორ ტურში ''საბურთალოს'' კალენდარი ასეთია: ''ჩიხურასთან'' სტუმრად, ''სიონთან'' შინ.

ფოტო/ვიდეო: eliga.ge, fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები