ბენზემა:''მე არ ვარ ლეგენდა... აზარი აჩვენებს რამდენად დიდი ფეხბურთელია''
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში კარიმ ბენზემამ ''გალათასარაისთან'' მატჩში 2 გოლი გაიტანა. გოლების რაოდენობით ფრანგმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე ნიშნულს მიაღწია. თურქულ კლუბთან გატანილი გოლით ბენზემამ ალფრედო დი სტეფანოს (49) გაასწრო.
31 წლის თავდამსხმელის კომენტარს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბენზემა:''ჩვენ გავიტანეთ გოლები, ვითამაშეთ კარგად და კარი მშრალად შევინახეთ. ეს იყო ნამდვილი ზეიმი ქომაგებთან ერთად. მე არ ვარ ლეგენდა. როცა კლუბთან კონტრაქტს ვაფორმებდი, ვერ ვიფიქრებდი თუ ასეთ შედეგს ვაჩვენებდი. ძალიან ბედნიერი ვარ. ვცდილობ დავეხმარო თანაგუნდელებს და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო. ვეცდები პროგრესი ვაჩვენო და თანაგუნდელების დახმარება გავაგრძელო.''
ხშირი კრიტიკის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ''რეალის'' ბომბარდირებს შორის ბენზემა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა (105) და რაულს (66) ჩამორჩება.
ფრანგმა ფორვარდმა ბრაზილიელი თანაგუნდელის, როდრიგოსა და ბელგიელი ედენ აზარის შესახებ ისაუბრა:''როდრიგო კარგად გამოიყურებოდა, ის არ იყო შეშინებული. მომწონს როცა ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვხედავ.
რაც შეეხება ედენ აზარს, თანდათან აჩვენებს თუ რამდენად დიდებული ფეხბურთელია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთგაგება მაკავშირებს.''
შეგახსენებთ, მადრიდის ''რეალმა'' თერიმის გუნდი 6:0 გაანადგურა. როდრიგომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ბენზემამ - დუბლი, ერთი გოლი კი გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა პენალტის ნიშნულიდან პანენკას სტილში შეაგდო (იხილეთ მატჩის მიმოხილვა).