ნატალია ოთხმეზურის წარმატებული დებიუტი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
Aa
Aa

ნატალია ოთხმეზურის წარმატებული დებიუტი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში ქართველი გოგონას წარმატებული დებიუტი შედგა.

ნატალია ოთხმეზურმა კასპერის კოლეჯის გუნდთანდერბერდსში” 2 მატჩი ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ჯუნიორ კოლეჯების ლიგის სეზონის პირველ შეხვედრაში კასპერის კოლეჯი ტრინიდად სტეიტს შეხვდა და 80:49 სძლია, ხოლო მეორე დღეს ოთხმეზურის გუნდმა ოტერო ჯუნიორ კოლეჯი დაამარცხა – 89:74, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

ტრინიდადთან შეხვედრაში ნატალიამ 14 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა.

მომდევნო მატჩში ოთხმეზურმა მოედანზე უკვე 23 წუთი დაჰყო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ოტერო კოლეჯთან 89:74 მოგებულ მატჩში ნატალიამ 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

კასპერის კოლეჯში ოთხმეზურის თანაგუნდელია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ანა ქავთარაძე, რომელმაც ტრინიდადის კოლეჯის წინააღმდეგ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, ხოლო ოტეროსთან მოედანზე არ გასულა.

2-დან 2 მოგებით კასპერ თანდერბერდსი თავის კონფერენციაში ლიდერია. შემდეგ მატჩი ოთხმეზურის გუნდს 5 ნოემბერს, ნორსისტერნ ჯუნიორ კოლეჯთან ელის.

ნატალია ოთხმეზურის ვარჯიში

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები