საოცარი საჩემპიონო ზეიმი, აუტსაიდერთა დრამატული მატჩი და ხარაიშვილის უხვგოლიანი გამარჯვება
შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონი ''იურგორდენის'' გამარჯვებით დასრულდა. 30-ე ტურში ''ნორჩიოპინგისა'' და ''იურგორდენის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ''იურგორდენს'' ჩემპიონობისთვის ქულის მოპოვება სჭირდებოდა, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს და სეზონი ტრიუმფით დაასრულეს.
''იურგორდენი'' შვედეთის ჩემპიონი მეთორმეტედ გახდა, 2005 წლის შემდეგ პირველად იზეიმა ჩემპიონობა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი სანახავი გამოვიდა.
'
გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგმა'' სეზონის უკანასკნელ მატჩში საკუთარ მინდორზე ''ესტერსუნდი'' 7:1 გაანადგურა. ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ''საბურთალოს'' აღზრდილმა მეხუთე გოლისას საგოლე გადაცემა შეასრულა.
2019 წლის სეზონში 23 წლის გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა, მან 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს მისი მეორე სეზონი იყო ''გიოტებორგის'' რიგებში. 2018 წლის სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის ანგარიშზე 27 მატჩში გატანილი 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა იყო.
16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 48 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.
ძალიან დრამატული მატჩი გამოვიდა აუტსაიდერთა შორის, როცა ''ფალკენბერგმა'' სეზონის უკანასკნელი ტურის მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გატანილი გოლით კონკურენტი ''ესკილსტუნა'' დაამარცხა და ამ გოლით ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.