მესის მორიგი სპექტაკლი და სტატისტიკა - არგენტინელმა რონალდუს გადაასწრო
Aa
Aa

მესის მორიგი სპექტაკლი და სტატისტიკა - არგენტინელმა რონალდუს გადაასწრო

ლა ლიგის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

კატალონიელებმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს, თუმცა ამ შეხვედრაში გამარჯვებაზე მეტად მესის თამაში იყო მნიშვნელოვანი.

არგენტინელმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა და მორიგი სპექტაკლი დადგა.

ლეომ „ორმაგი დუბლი“ გაიფორმა - 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. ამასთან ერთად მესიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელიც დააფიქსირა.

„ლა პულგამ“ საკლუბო დონეზე ჩატარებულ შეხვედრებში კრიშტიანუ რონალდუს გოლების რაოდენობით გადაასწრო. ამ მომენტისთვის მესის ანგარიშზე 695 შეხვედრაში 608 გოლია, ხოლო რონალდუს 813 მატჩში 606 გოლი აქვს.

მესისთვის „ვალიადოლიდის“ კარში გატანილი ულამაზესი ჯარიმა კარიერაში 50-ე გამოდგა. ლეოს ჯარიმები 44-ჯერ „ბარსას“ მაისურით და 6-ჯერ არგენტინის ნაკრებში აქვს გატანილი.

„მესი არის შავი ყვავილი (მწვავე გადამდები დაავადება), რომლის წინააღმდეგაც ვაქცინა არ არსებობს“, - ეს კომენტარი მატჩის შემდეგ „ვალიადოლიდის“ დირექტორმა დავიდ ესპინარმა გააკეთა.

ასევე აღნიშვნის ღირსია ლუის სუარესის შედეგი. ურუგვაელმა „ვალიადოლიდის“ კარის დალაშქვრის შემდეგ ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა. „ელ პისტოლერო“ ლა ლიგაში სულ 27 სხვადასხვა გუნდს დაუპირისპირდა და უკლებლივ ყველა მათგანს გაუტანა.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლა ლიგაში მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს სტუმრად „ლევანტეს“ წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები