21 წლის მონტევიდეოელი ბიჭი, რომლის გარეშეც
Aa
Aa

21 წლის მონტევიდეოელი ბიჭი, რომლის გარეშეც "რეალი" ნელ-ნელა წარმოუდგენელი ხდება

ისე როგორც არასდროს და არცერთ ეპოქაში - დღეს, თანამედროვე ფეხბურთში ნახევარდაცვის როლი უზომოდ დიდია.

თუ, ნახევარდაცვის ცენტრში უმაღლესი კლასის მოთამაშეები არ გყავს, უმაღლესი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებ.

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, თუმცა მიუხედავად რონალდუს ფენომენალურობისა და რამოსის მნიშვნელოვანი გოლებისა, ზიზუს გუნდის ხერხემალი ძლიერი და მრავალფეროვანი ნახევარდაცვა იყო, რომელიც ფრანგს იდეალურად ჰყავდა დაკომპლექტებული.

გასული სეზონიდან მოყოლებული „რეალს“ მოედნის ცენტრში პრობლემები აქვს. მოდრიჩი-კროოსის დუეტი ისეთი ეფექტური ვეღარ არის და მხოლოდ კაზემირო ფონს ვერ გადის.

2019-2020 წლების სეზონის სტარტზე „სამეფო კლუბის“ ნახევარდაცვაში ახალი სახე გამოჩნდა - ურუგვაელი ფედე ვალვერდე.

21 წლის მონტევიდეოელი ვალვერდეს კარიერა ურუგვაულ „პენიაროლში“ დაიწყო. 2016 წელს მადრიდის „რეალმა“ ნიჭიერი ფედე გაიფორმა და ახალგაზრდულ გუნდში ჩარიცხა.

ერთი სეზონის შემდეგ, ვალვერდე პირველ გუნდში დაწინაურდა, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდა და „რეალის“ იმჟამინდელი მწვრთნელები (ხულენ ლოპეტეგი და სანტიაგო სოლარი) ურუგვაელს დიდად არ სწყალობდნენ.

„რეალმა“ ფედე პრაქტიკის მისაღებად „დეპორტივოში“ გაანათხოვრა. ამ მხრივ ვალვერდეს გზა ძალიან ჰგავს კაზემიროს ჩამოყალიბების პროცესს.

ბრაზილიელი „რეალმა“ პრაქტიკის მისაღებად „პორტუში“ გაანათხოვრა, სადაც „კაზე“ ბოლომდე გაიხსნა და ახლა ის მადრიდელთა შეუცვლელი ფიგურაა.

მიმდინარე სეზონში ვალვერდემ თავისი მნიშვნელობა უკვე დაამტკიცა. ზიდანმა ფედეს ძირითადში არდაყენებით რამდენიმე ქულა უკვე დაკარგა.

„რეალის“ უკანასკნელი 6 შეხვედრიდან ვალვერდემ 4 ძირითადში დაიწყო, ამ მატჩებიდან „ბლანკოსმა“ 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ისიც „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

ზიდანის გუნდმა ბოლო ორი მატჩი, რომლის მოგებაც ვერ შეძლო იყო ჩემპიონთა ლიგაზე შინ „ბრიუგესთან“ და ლა ლიგის გასულ ტურში სტუმრად „მალიორკასთან“.

„ბრიუგესთან“ ზიზუმ ვალვერდე საერთოდ არ ათამაშა, ხოლო „მალიორკასთან“ თადარიგში დატოვა და მეორე ნახევარში შეუშვა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

ეს სტატისტიკა გვიჩვენებს რამდენად დიდ გავლენას ახდენს ფედე „რეალის“ ნახევარდაცვის თამაშზე, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ ვალვერდეზე სტატისტიკური მონაცემებით საუბარი საჭირო არ არის. "სამეფო კლუბის" შეხვედრების ყურებისას, მარტივად შესამჩნევია თუ რამხელაა მატჩის სცენარზე მისი გავლენა.

მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ურუგვაელის სათამაშო სტილი ხისტი და დაცვითია, ის შეტევებშიც აგრესიულად და დამაჯერებლად ერთვება.


 

ფედე ვალვერდე ძირითადად ლუკა მოდრიჩის არყოფნის დროს თამაშობს ხოლმე და მოედანზე ხორვატის პოზიციას იკავებს.

საინტერესოა რა არჩევანს გააკეთებს ზიზუ, როდესაც ნახევარდაცვის ყველა წევრი ჯანმრთელი იქნება...

21 წლის შუახაზელი არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ყველა მატჩის შემდეგ ვებ გვერდები სტატისტიკებს უთვლიან და შემდეგ მისი გაპიარება ამ კუთხით ხდება. ვალვერდე მოედანზე შავ სამუშაოს ასრულებს და შეუჩერებლად მოძრაობს. ის პრაქტიკულად ყველგანაა - ფედე თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი უნიჭიერესი და თვალსაჩინო წარმომადგენელია.


 

ვალვერდემ თავისი პლუსები უკვე დაგვანახა, ამჯერად გაცილებით დიდი გამოწვევების დროა და ვნახოთ ახალგაზრდა ურუგვაელი ამ ყველაფერს რამდენად გაუმკლავდება.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები