ვულკანი, რომელმაც ლევანდოვსკის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაშალა
Aa
Aa

ვულკანი, რომელმაც ლევანდოვსკის ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაშალა

2010 წელს ''ბლექბერნი'' რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებასთან ახლოს იყო. ამ თემაზე Sky Sports-თან მარტინ გლოვერმა ისაუბრა, რომელიც ინგლისურ კლუბში ახალი ფეხბურთელების დამატებაზე პასუხისმგებელი იყო.

გლოვერის ხედვითა და გეგმით ლევანდოვსკი გახდებოდა ისეთივე ლეგენდარული ფორვარდი, როგორიც ალან შირერია. ლევანდოვსკიმ ''ლეხის'' რიგებში 82 მატჩში 41 გოლი შეაგდო. გლოვერის თქმით ტრანსფერის დეტალები თითქმის შეთანხმებული იყო, თუმცა ვულკანის ამოფრქვევის გამო ავიამიმოსვლა შეწყდა და ვარშავაში დაბადებული სპორტსმენი ''ევუდ პარკზე'' ვერ გაემგზავრა.

''ლევანდოვსკის თამაში არაერთხელ ვნახეთ, გვესმოდა რომ კონტრაქტს უმაღლესი კლასის ფორვარდთან ვაფორმებდით'' - იხსენებს გლოვერი, რომელიც ამჟამად აღნიშნულ პოსტზე ''საუთჰემპტონში'' მუშაობს.

''მთავარ მწვრთნელ სემ ელერდაისთან ერთად გავემგზავრე პოზნანის ''ლეხის'' მატჩზე დასასწრებად, რომ გვენახა რობერტ ლევანდოვსკის თამაში.

''ლეხის'' პრეზიდენტთან საუბარი ისეთი გამოვიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მატჩის შემდეგ დავსხედით, პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას რობერტ ლევანდოვსკიც ესწრებოდა. ჩვენ შევთავაზეთ კონტრაქტის პირობები და შევთანხმდით.

ამის შემდეგ ყველაზე ცუდი რამ მოხდა, დიდი ბრიტანეთისკენ ავიამიმოსვლა ვულკანის ამოფრქვევის გამო შეწყდა, ყველა ფრენა გადაიდო.

''ბლექბერნის'' მმართველი ჯონ უილიამსი წუხდა, რომ პოლონეთი მაღალი დონის ბომბარდირებით ცნობილი არ იყო, რის გამოც არსებობდა კითხვები ლევანდოვსკის სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით, რომელიც 3 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა და 4-მილიონამდე იზრდებოდა.

უფრო ცუდი რამ წინ გველოდა, ფეხბურთელის მეგობარი დორტმუნდის ''ბორუსიაში'' თამაშობდა, რომელსაც ძალიან სურდა ლევანდოვსკი თავის გუნდში ეხილა, ამ თემაზე მას ხშირად ესაუბრებოდა და ''ბორუსიაში'' გადასვლას ურჩევდა (სავარაუდოდ, გლოვერი იაკუბ ბლაშჩიკოვსკის გულისხმობს).

ვიდრე ჩვენ რაიმეს მოვიმოქმედებდით, გერმანულმა კლუბმა ლევანდოვსკი იმ ოდენობის თანხად გადაიბირა, რამდენსაც ჩვენ ვთავაზობდით.''

2010 წელს ''დიდი სემი'' ''ევუდ პარკზე'' ლევანდოვსკის გადაბირებას ცდილობდა

2010 წლის გაზაფხულზე ისლანდიის სამხრეთში ამოფრქვეული ვულკანის გამო ჩრდილოეთ ევროპაში ავიამიმოსვლა შეწყდა. ამ მიზეზით ლევანდოვსკი ''ბლექბერნის'' ხელმძღვანელებთან კონტრაქტის დეტალების განსახილველად დიდი ბრიტანეთში ვერ გაემგზავრა.

2017 წელს ლევანდოვსკიმ აღიარა, რომ შესაძლოა მისი პირველი უცხოური არჩევანი ''ბლექბერნი'' ყოფილიყო:''ინგლისში ვულკანის ამოფრქვევის გამო ვერ გავემგზავრე, მაგრამ მსურდა წასვლა,  მინდოდა მენახა კლუბში არსებული გარემო. მაშინ არ ვიცოდი სად გავაგრძელებდი კარიერას და თუ ინგლისში გავემგზავრებოდი უკეთ მეცოდინებოდა ჩემთვის რომელი კლუბი იქნებოდა საუკეთესო. თუ ინგლისში გავემგზავრებოდი, ვნახავდი კლუბს, სტადიონსა და ყველაფერს, შესაძლოა არჩევანი ''ბლექბერნის'' სასარგებლოდ გამეკეთებინა.''

მიუნხენის ''ბაიერნის'' ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 8 მატჩში 12 გოლი შეაგდო, ჩემპიონთა ლიგის 3 შეხვედრაში კი 5 გოლი გაიტანა.

ლევანდოვსკის კარიერის ინგლისში გაგრძელების შანსი 2008 წელსაც ჰქონდა, როცა ''ვესტ ბრომვიჩის'' მთავარ მწვრთნელს, ტონი მოუბრეის პოლონელის გადაბირება სურდა. ბრიტანელებს ლევანდოვსკისთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება სურდათ, რომლის დასრულების შემდეგ ინგლისური მხარე პოლონურ კლუბს სატრანსფერო თანხის სახით 600 000 ფუნტ სტერლინგს გადაუხდიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები