Aa
Aa
16 ოქტომბერი 2019  |  08:53

ნანატრი დებიუტი! გოგამ NBA-ის კარი შეაღო

2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომერმა, გოგა ბითაძემ NBA-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 20 წლის ქართველმა ცენტრმა „ინდიანას“ მაისური პირველად „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ გამართულ წინასასეზონო მატჩში მოირგო და ბრწყინვალედ იასპარეზა.

გოგა პარკეტზე პირველი მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა და მის გამოსვლას „ბენკერს ლაიფ ფილდჰაუსში“ შეკრებილი გულშემატკივარი ოვაციებით შეეგება.

ბითაძემ „ინდიანას“ მაისურით პირველი ქულები საწყისი მეოთხედის დასრულებამდე 57 წამით ადრე მოიპოვა. ქართველმა ცენტრმა ედმონდ სამნერთან პიკ ენდ როლი გაითამაშა და სამწამიანიდან ბურთის ჩაგდება აღარ გასჭირვებია.

მეორე თორმეტწუთეულში გოგამ ახალი გუნდის მაისურით პირველი ჩატენვაც გაიფორმა. ბითაძეს ისევ ედმონდ სამნერმა უპასა და ფართან მარტო მყოფმა ჩვენებურმა შეტევა ეფექტურად დააგვირგვინა.

მეორე ნახევარში „პეისერსის“ თავკაცმა, ნეით მაკმილანმა ქართველ კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა. გოგამ მწვრთნელის იმედები გაამართლა. ჩვენებური შეტევაში ჩინებულად ირჯებოდა და ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივარს საფირმო დაფარებაც უსახსოვრა.

საბოლოო ჯამში ბითაძემ პარკეტზე 24:19 წუთი გაატარა და აქტივში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. ბითაძე თავის გუნდში დაგ მაკდერმოტთან ერთად საუკეთესო იყო, თუმცა „ინდიანა“ მაინც დამარცხდა 111-119. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ბითაძის ერთადერთი მინუსი უჩვეულოდ ბევრი, 6 დაკარგვა გახლდათ.

მატჩის შემდეგ 20 წლის ქართველის შესახებ კომენტარი „ინდიანას“ მთავარმა მწვრთნელმა, ნეით მაკმილანმა გააკეთა: „გოგას პარკეტზე ხილვა სასიამოვნო იყო. მინდოდა მას კარლ-ენტონი თაუნსის წინააღმდეგ ეთამაშა, რადგან თაუნსი ტოპ კლასის ცენტრია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები